გახარიას გუნდი: ხვალ ქართველი ხალხის მშვიდობიანი ხმა უნდა ისმოდეს საქართველოს პარლამენტთან და არა სხდომათა დარბაზში
პარტია "საქართველოსთვის" მხარდამჭერებს ხვალ პარლამენტთან დგომისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ პარტიის საგანგებო განცხადებაშია ნათქვამი.
გიორგი გახარიას გუნდი წერს, რომ საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტს ლეგიტიმაცია არ გააჩნია და ამიტომ ქართველი ხალხის მშვიდობიანი პროტესტის ხმა საკანონმდებლო ორგანოსთან უნდა ისმოდეს. მათი თქმით, ქართველი ხალხის გაბრაზებული ხმა უნდა გაიგონოს ყველამ, ვინც მათ არჩევანის უფლება მოპარა. ასევე, მათი თქმით, მნიშნელოვანია ევროპელმა პარტნიორებმა კიდევ ერთხელ დაინახონ, როგორია ქართელი ხალხის ნება და სად დგანან ისინი.
ხვალ, 25 ნოემბერს, საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტის მხოლოდ ერთპარტიული შემადგენლობა შეიკრიბება, რომელსაც საზოგადოების უმრავლესობის მხარდაჭერა და ნდობა არ აქვს. ეს პარლამენტი ვერ გამოხატავს ქართველი ხალხის ნებას!
ხვალინდელ სხდომას ასევე არ დაესწრენიან დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები! ამ პარლამენტს არც საერთაშორისო აღიარება აქვს!
ამიტომ, ხვალ ქართველი ხალხის მშვიდობიანი ხმა უნდა ისმოდეს საქართველოს პარლამენტთან და არა სხდომათა დარბაზში. ქართველი ხალხის გაბრაზებული ხმა უნდა გავაგონოთ ყველას, ვინც ჩვენს მოქალაქეებს არჩევანი მოპარა და უნდა დავანახოთ ჩვენს საერთაშორისო მეგობრებს, თუ სად დგას ქართველი ხალხი და მათი ნება!
ამიტომ, მოვუწოდებთ ჩვენი პოლიტიკური ძალის მხარდამჭერებს, ხვალ საქართველოს პარლამენტთან გამოვხატოთ მშვიდობიანი პროტესტი და ჩვენი მშვიდობიანი ხმა გავაგონოთ ყველას!, - ნათქვამია განცხადებაში.
დღეს თბილისი საპროტესტო ეპიცენტრი მთელი დღის განმავლობაში იქნება. დილიდან ამ დრომდე რამდენიმე აქცია უკვე დაიწყო. საღამოს 21:00 საათზე კი მოქალაქეები და პროდასავლური ოპოზიცია რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბება, საიდანაც მსვლელობით პარლამენტისკენ გაიმართება. აქციის მონაწილეები იქ კარვებს გაშლიან და ღამეს გაათენებენ.
შეგახსენებთ, რომ ხვალ დილიდან "ოცნება" გეგმავს, პარლამენტის პირველი სხდომა გამართოს. პროდასავლური ოპოზიცია აცხადებს, რომ ეს პარლამენტი ალაგიტიმურია და ამიტომ, პარლამენტის შეკრების პარალელურად პროტესტს აანონსებს.