"ოცნებამ" XI მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა ხვალ 12:00 საათზე ჩანიშნა
XI მოწვევის პარლამენტის პლენარული სხდომა ხვალ, 25 ნოემბერს, 12:00 საათზე გაიხსნება - ხვალ "ქართული ოცნება" სხდომათა დარბაზში მარტო იქნება. ოპოზიცია არჩევნებს გაყალბებულს უწოდებს და ხელახალი არჩევნების მოთხოვნით, 27 ოქტომბრიდან ქუჩაში დგას.
ცნობილია, რომ პლენარულ სხდომას დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები არ ესწრებიან.
აშშ და ევროპა საქართველოში 26 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების შემდეგ საქართველოს მთავრობას დარღვევების საერთაშორისო გამოძიებისკენ მოუწოდებენ.
საქართველოს კანონმდებლობით, ახალარჩეული პარლამენტის პირველ სხდომას ნიშნავს და ხსნის პრეზიდენტი, თუმცა სალომე ზურაბიშვილი არჩევნებს გაყალბებულს უწოდებს და მისი შედეგების გაუქმებას საკონსტიტუციო სასამართლოში ითხოვს.
პირველ სხდომას სავარაუდოდ პარლამენტის უხუცესი წევრი ლადო კახაძე გახსნის. უცნობია, დაესწრება თუ არა პარლამენტის პირველ სხდომას ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი.
სხდომის პარალელურად, აქცია გაიმართება პარლამენტის გარეთაც - ხელახალი არჩევნების მოთხოვნით საკანონმდებლო ორგანოსთან დღეს, 24 ნოემბერს შეკრებილი მოქალაქეები აანონსებენ რომ დღევანდელ ღამეს სწორედ რუსთაველის გამზირზე გაათენებენ.