უარს ვიტყვით მანდატებზე, ამ სიყალბეში მონაწილეობას არ ვაპირებთ - ნანა მალაშხია
კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრი, ნანა მალაშხია ერთპარტიული პარლამენტის სხდომას “კონსტიტუციურ გადატრიალებს და ხელისუფლების უზურპაციას“ უწოდებს და ამბობს, რომ უახლოეს დროში, მათი კოალიცია მანდატებზე უარს იტყვის.
მალაშხია ამბობს, რომ “ისინი ამ სიყალბეში მონაწილეობას არ აპირებენ და სიებს აუცილებლად ჩახსნიან.“
ეს არის კონსტიტუციური გადატრიალება, ხელისუფლების უზურპაცია, ჩვენ, რაც შეიძლება მალე, გავაფორმებთ, ანუ უარს ვიტყვით მანდატებზე, ჩავხსნით სიას და ამ სიყალბეში მონაწილეობას არ ვაპირებთ“, - განაცხადა მალაშხიამ.
XI მოწვევის პარლამენტმა 150-ვე წევრი უფლებამოსილება ცნო - დროებითმა სამანდატო კომისიამ უფლება-მოსილება საკუთარი ნების გარეშე მიანიჭა ბარიერგადალახული პროდასავლური ოპოზიციის წევრებს, რომლებიც არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ და მანდატების დატოვების შესახებ საჯარო განცხადებები გააკეთა.
პარლამენტის 150 წევრის უფლებამოსილება “ქართული ოცნების“ 88 წევრმა ცნო.