დღევანდელი დღე საქართველოს პოლიტიკურ ისტორიაში შავ ლაქად შევა - შარაშიძე
"ეს დღე საქართველოს პოლიტიკურ ისტორიაში შავ ლაქად შევა" - ამის შესახებ "გახარია საქართველოსთვის" წევრმა, გიორგი შარაშიძემ "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა.
ოპოზიცონერი პოლიტიკოსის შეფასებით, მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა იზოლაციაში შედგა.
ეს დღე შევა, როგორც ერთ ერთი შავი ლაქა საქართველოს უახლეს პოლიტიკურ ისტორიაში, როდესაც საქართველოს პარლამენტის პირველი სხდომა შედგა იმ იზოლაციაში, რაც ჩვენც ვიხილეთ. სხდომა, რომელსაც არ ესწრებოდა არცერთი ელჩი, მხოლოდ ''ოცნება'' იყო წარმოდგენილი დარბაზში, ოპოზიციის არცერთი წარმომადგენელი არ ესწრებოდა. თუ ''ოცნებას'' ჰგონია, რომ მათ რაღაც გადააგორეს და რაღაც განსაკუთრებულ წარმატებას მიაღწიეს, რა თქმა უნდა, ძალიან ცდებიან'', - ამბობს გიორგი შარაშიძე.
''ქართულმა ოცნებამ" პარლამენტის პირველი სხდომა სრულ იზოლაციაში გამართა. სასესიო დარბაზში მხოლოდ მმართველი პარტიის ლიდერები იმყოფებოდნენ. პარლამენტში მივიდა "ქართული ოცნების" სიის პირველი ნომერი, ბიძინა ივანიშვილი. მას მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.
XI მოწვევის პარლამენტმა 150-ვე წევრის უფლებამოსილება ცნო - დროებითმა სამანდატო კომისიამ უფლებამოსილება საკუთარი ნების გარეშე მიანიჭა ბარიერგადალახული პროდასავლური ოპოზიციის წევრებს, რომლებიც არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ და მანდატების დატოვების შესახებ საჯარო განცხადებებს აკეთებენ.
პარლამენტის 150 წევრის უფლებამოსილება “ქართული ოცნების“ 88 წევრმა ცნო.
სხდომის პარალელურად, ქუჩაში გაყალბებულ არჩევნებს საქართველოს მოქალაქეებია აპროტესტებდნენ. "მონებო!", "რუსებო!" - ისმოდა დედაქალაქის მთავარ გამზირზე.
"ქართული ოცნების" დეპუტატებს, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილსაც საკანონმდებლო ორგანოში შესვლა საპოლიციო ძალების დახმარებით მოუწია.
პირველად საქართველოს პარლამენტის ისტორიაში პირველი სხდომა პრზიდენტმა არ მოიწვია. სესიას არ ესწრება არც ოპოზიცია. საკანონმდებლო ორგანოში არ იმყოფებიან ქვეყანაში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.
ცივილიზებული სამყარო არჩევნების საერთაშრისო გამოძიებას ითხოვს. არც აშშ-ს და არც ევროკავშირს "ქართული ოცნებისთვის" გამარჯვება არ მიულოცავს.