რომან გოცირიძე ეროვნულ ბანკს სტატისტიკურ მანიპულაციებში ადანაშაულებს
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი რომან გოცირიძე ეროვნულ ბანკს სტატისტიკურ მანიპულაციებში ადანაშაულებს. ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის თქმით, რეზერვის ყიდვა-გაყიდვის შესახებ ინფორმაციას მთავარი ფინანსური უწყება ისე და იმ ფორმით ასაჯაროებს, როგორც ეს თავად აწყობს. მისი თქმით, ინფორმაციის მხოლოდ ვიწრო წრისათვის ხელმისაწვდომობა კორუფციის რისკებს ზრდის და მომხმარებლებს არათანაბარ პირობებში ამყოფებს.
ეროვნული ბანკი სტატისტიკურ მანიპულაციებს მიმართავს. გუშინ გამოქვეყნდა ეროვნული ბანკის ინტერვენციების ოქტომბრის თვის ოფიციალური მონაცემები. ნოემბრის შედეგებს მხოლოდ 25 დეკემბერს აქვეყნებს ეროვნული ბანკი. მიუხედავად ამისა, ეროვნულმა ბანკმა მედიაში წინმსწრებად ასევე გაავრცელა განცხადება, რომ ნოემბრის თვეში უცხოური ვალუტა კი არ გაყიდეს, არამედ ვალუტა იყიდეს, ანუ რეზერვები გაზარდეს. წესით, 25 დეკემბრამდე ეს არავის უნდა სცოდნოდა.
ესაა მოსახლეობის მანიპულაცია. როცა აწყობთ, ავრცელებენ ინფორმაციას, როცა არ აწყობთ, მალავენ.
ეროვნულმა ბანკმა, ისევე როგორც ეს სავალუტო აუქციონის შემთხვევაში ხდება, უნდა გაავრცელოს ინფორმაცია უცხოური ვალუტით ვაჭრობის შესახებ მეორე, ე. წ. ბიმატაჩ პლატფორმით ვაჭრობის დროსაც. ინფორმაციის მხოლოდ ვიწრო წრისათვის ხელმისაწვდომობა ( ბანკები, მსხვილი ბიზნესი, ჩინოვნიკები) წარმოშობს კორუფციის რისკებს და არათანაბარ პირობრბში ამყოფებს მომხმარებლებს, - ამბობს გოცირიძე.