"პირველების" ინფორმაცია დადასტურდა - მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს შეფი უწყებიდან წავიდა

27.11.24 13:55
"პირველების" ინფორმაცია დადასტურდა - მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს შეფი უწყებიდან წავიდა

"პირველების" მიერ ექსკლუზიურად გავრცელებული ინფორმაცია დადასტურდა - მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს შეფი უწყებიდან წავიდა. რა გახდა ვიქტორ წილოსანის  გადაწყვეტილების მიზეზი კალაძე არ აკონკრეტებს, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით,  წილოსანს  პოსტი მერთან დაპირისპირების გამო დაატოვებინეს.

თანამდებობიდან გადადგა ქონების მართვის სააგენტოს შეფიც, თუმცა კალაძე ირწმუნება, რომ გიორგი თავართქილაძე მუშაობას მერიაში გააგრძელებს. 

უფრო კონკრეტულად, კახა კალაძის განცხადებით, ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელის პოსტზე ვიქტორ წილოსანს ნინო ბაგაშვილი შეცვლის, ხოლო მერიის ქონების მართვის სააგენტოს უფროსის თანამდებობაზე ირაკლი თავართქილაძეს მარიამ კვერნაძე ჩაანაცვლებს. 

მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია, რომ ტრანსპორტის და ურბანული განვითარების სააგენტოს ბოლო წლებში ხელმძღვანელობდა ვიქტორ წილოსანი, რომელმაც ორივე მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა დედაქალაქისთვის სასიკეთო გადაწყვეტილებების მიღებაში. მისი მართვის პერიოდში მოხერხდა ტრანსპორტის და ურბანული პოლიტიკის მიმართულებით ბევრი სიახლის დანერგვა, ჩვენ ერთად დავიწყეთ მნიშვნელოვანი რეფორმის განხორციელება, მოგვიწია საკმაოდ მძიმე გადაწყვეტილებების მიღება ერთად, თუმცა კარგად გვესმოდა და გვესმის, რამდენად მნიშვნელოვანია ამ პროექტის განხორციელება იმისთვის, რომ ჩვენი ქალაქი იყო ევროპული, ყველანაირად მოწესრიგებული და გამართული. ვიკას როლი ამ ყველაფერში ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მის საქმიანობა ნაყოფიერი, სასარგებლო იყო თბილისისთვის, რისთვისაც მინდა მას მადლობა გადავუხადო. ის კერძო სექტორში აპირებს გადასვლას“, - განაცხადა კალაძემ.

მისი თქმით, წილოსანი საქმიანობას კერძო სექტორში გააგრძელებს. 

რაც შეეხება ირაკლი თავართქილაძეს - კახა კალაძის თქმით, ის საქმიანობას მუნიციპალურ სერვისებში გააგრძელებს.

მისი მართვის პირობებში სააგენტომ წარმატებით იმუშავა წლობით გადაუჭრელი პრობლემების მოგვარებაზე. მათ შორისაა საცხოვრებლების დაკანონების პროექტი, ასევე კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებულთა დაკმაყოფილების საკითხი. პრაქტიკულად, ბოლოშია გასული  ორივე პროექტი. ასევე ირაკლის დამსახურებაა, რომ ათეულობით წლობით დაგროვილი პრობლემების გადაჭრა დავიწყეთ, უამრავი ოჯახი დავაკმაყოფილეთ. ირაკლი თავართქილაძე მუნიციპალურ სერვისებში გააგრძელებს საქმიანობას და მინდა, წარმატებები ვუსურვო მას“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მსგავსი სიახლეები