თუ ოპოზიცია პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობაზე უარს იტყვის, ცესკო-ს შეეძლება მათი კვოტები "ოცნებას" გადასცეს
ცესკო-ს ახალი დადგენილებით, თუ ოპოზიცია პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობაზე უარს იტყვის, ცესკო-ს შეეძლება მათი კვოტები "ოცნებას" გადასცეს.
რა ხდება დღეს?
- „ქართულ ოცნებას“ პრეზიდენტის პირველივე ტურში ასარჩევად საარჩევნო კოლეგიაში საკმარისი რაოდენობის წარმომადგენელი არ ჰყავს.
- აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს 20 წევრის გამოკლებით, ჯამურად, კოლეგიაში „ქართულ ოცნებას“ ჰყავს 156 წევრი, ხოლო დანარჩენ პარტიებს – 124. პირველივე ტურში რომ აირჩიონ, კანდიდატს 200 ხმა სჭირდება, რაც ამ დროისთვის „ოცნებას“ არ აქვს.
სურათს ცესკო-ს ახალი დადგენილება ცვლის. ცესკოს წარმომადგენლობის გაზრდის უფლება ექნება - კერძოდ:
- ცესკო-ს №53/2024 დადგენილებაში აღნიშნულია, რომ თუკი პარტიები ხმოსნებისთვის გამოყოფილ კვოტებს არ შეავსებენ, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ამ კვოტების ხელახლა განაწილების საშუალება ექნება იმ პარტიებზე, ვინც პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ.
- დადგენილების მიხედვით, პარტიებმა არჩევნების დანიშვნიდან 2 დღეში უნდა წარადგინონ მათი წარმომადგენლების მონაცემები, თუ არადა, ცესკო-მ მათი ადგილები შეიძლება სხვა პარტიებს გადასცეს.
"[თუ პარტიამ] განსაზღვრულ ვადაში არ გამოიყენა თავისი უფლება ან ცესკოს განკარგულებით დადგენილ კვოტაზე ნაკლები ოდენობის საარჩევნო კოლეგიის წევრი წარადგინა…
…ასეთ შემთხვევაში, საარჩევნო კოლეგიის წევრთა რაოდენობის 300-მდე შესავსებად, არჩევნებამდე არაუგვიანეს მე-13 დღისა (1 დეკემბერი) ცესკო განკარგულებით ცვლის დადგენილ კვოტებს და გამოუყენებელ ადგილებს გადაანაწილებს სხვა უფლებამოსილ პარტიებზე საარჩევნო შედეგების თანამიმდევრობის გათვალისწინებით", — ნათქვამია დადგენილებაში.
- 26 ოქტომბრით დათარიღებული დადგენილებით, ცესკო-ს შეუძლია კვოტები ხელახლა გადაანაწილოს იმ შემთხვევაშიც, თუკი ამა თუ იმ პარტიის წარმომადგენელს საარჩევნო კოლეგიაში წარდგენის შემდეგ შეუწყდება უფლებამოსილება და არ ეყოლება ადგილმონაცვლე. ამისთვის ვადად ცესკო 10 დეკემბრამდე პერიოდს იტოვებს.
"საქართველოს პარლამენტის წევრის, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს წევრის საარჩევნო კოლეგიაში დასახელების შემდეგ, მისი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, თუ საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებამდე მისი ადგილმონაცვლის განსაზღვრა შეუძლებელია, ცესკო ასეთ შემთხვევაში განკარგულებით ცვლის დადგენილ კვოტებს არჩევნებამდე არაუგვიანეს მე-4 დღისა (10 დეკემბერი) და გამოუყენებელ ადგილებს გადაანაწილებს სხვა უფლებამოსილ პარტიებზე საარჩევნო შედეგების თანამიმდევრობის გათვალისწინებით",