დემარში ივანიშვილის პარლამენტს - სიების ჩახსნის შემდეგ, ოპოზიცია უარს მანდატებზეც ამბობს
დემარში ივანიშვილის პარლამენტს - დღე მეორე. სიების ჩახსნის შემდეგ, ოპოზიცია უარს მანდატებზეც ამბობს. შესაბამისი მოთხოვნით პარლამენტის მოქალაქეთა მისაღებში დღეს რიგი იდგა. დეპუტატები ინდივიდუალურ განცხადებებს აბარებდნენ კანცელარიას ერთი მოთხოვნით - შეუწყდეთ სადეპუტატო უფლებამოსილება. პირველებმა განცხადებები "კოალიცია ცვლილებისთვის" სიით გასულმა დეპუტატებმა დაწერეს.
უახლოეს ორ დღეში პარლამენტს ჩაბარდება ყველა დეპუტატის განცხადება, გახარიას საპარლამენტო გუნდის გარდა. ექსპრემიერი არ ჩქარობს. თუმცა იქვე ამბობს, რომ თვითაღიარებული პარლამენტისთვის ლეგიტიმაციის მიცემასაც არ გეგმავს.
ბარიერ გადალახული 4 პოლიტიკური გაერთიანებიდან სამმა სიები უკვე ჩახსნა. სავარაუდოდ, "ძლიერი საქართველო" მანდატების გაუქმების მოთხოვნით განცხადებას ხვალ შეიტანს.
სტრასბურგიდან დაბრუნების შემდეგ თინა ბოკუჩავაც მის გუნდთან ერთად ამ გადაწყვეტილებას საბოლოო წერტილს დაუსვამს.