მანდატების ჩახსნის შესახებ განცხადებები მზად არის, დიდი ალბათობით, ხვალ შევიტანთ - ჯაფარიძე
საპარლამენტო მანდატების ჩახსნის მოთხოვნით კოალიცია "ძლიერი საქართველო" საკანონმდებლო ორგანოს, სავარაუდოდ, ხვალ, 28 ნოემბერს მიმართავს.
"ტვ პირველის" ეთერში პოლიტიკური გაერთიანების ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, რომ დიდი ალბათობით, "ძლიერი საქართველოს" თითოეული წევრი პარლამენტში ოფიციალურ განცხადებას ხვალ, დღის პირველ, ან მეორე ნახევარში შეიტანს.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, ხელისუფლების ოპონენტები ყველა იმ ნაბიჯს გადადგამენ, რომელიც "თვითმარქვია ხელისუფლების დელეგიტიმაციას გამოიწვევს".
შესაძლოა, ხვალ მოხდეს ინდივიდუალური განცხადების შეტანა. ეს განცხადებები მზად არის. ჩვენ ვთქვით, რომ მივყვებით ამ გზას. ეს არის ყველა იმ ნაბიჯის გადადგმა, რომელიც გამოიწვევს ამ თვითმარქვია ხელისუფლების დელეგიტიმაციას. ჩვენ ამ ნაბიჯებს თანმიმდევრულად გადავდგამთ. გუშინ გადავდგით ერთნი ნაბიჯი, ხვალ ალბათ გადავდგამთ მეორე ნაბიჯს და გავაგრძელებთ ამ გზით სვლას. მთავარია, რომ არავინ არ შედის ამ არალეგიტიმურ პარლამენტში. ამ პარლამენტის თავყრილობის, ''ქართული ოცნების'' თავყრილობის ლეგიტიმაციას არავინ აპირებს'', - ამბობს ბადრი ჯაფარიძე.
ცნობისთვის, საპარლამენტო სიების ჩახსნის შემდეგ, ოპოზიციამ მანდეტებზეც თქვა უარი. კოალიცია "ცვლილებებისთვის" წევრებმა მანდატების გაუქმების შესახებ პარლამენტში განაცხადი დღეს, 27 ნოემბერს შეიტანეს.
რაც შეეხება "ერთიანობა ნაციონალურ მოძრაობას" და "ძლიერ საქართველოს", ისინი მანდატების გაუქმებაზე მსგავს განაცხადს, სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში გააკეთებენ.