პრეზიდენტთან მივედით, რადგან ეროვნული წინააღმდეგობა კოორდინირებულად განვაგრძოთ - ელისაშვილი
ათონელის რეზიდენციაში საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის დასრულების შემდეგ, კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა "პირველებთან" იმის შესახებ ისაუბრა, თუ რა საკითხები განიხილეს მხარეებმა დახურულ კარს მიღმა.
ალეკო ელისაშვილის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილთან აუდიენციაზე საუბარი ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებასა და ოპოზიციური სპექტრის მიერ გადადგმულ თუ გადასადგმელ ნაბიჯებს შეეხო.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსის შეფასებით, ახლა საჭიროა, რომ ხელისუფლების ოპონენტებმა კოორდინირებულად იმოქმედონ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საზღვრებს გარეთაც - " სალომე ზურაბიშვილს აქვს იმის რესურსი, რომ ამ კოორდინაციას სათავეში ჩაუდგეს".
ჩვენ ვიყავით პრეზიდენტთან მოსულები იმისთვის, რომ უფრო კოორდინირებულად განვაგრძოთ ეროვნული წინააღმდეგობა, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება. არ შეგუება, არ შეპუება. ფაქტია, რომ ოპოზიციას გვინდა უკეთესი კოორდინაცია, რომ დავგეგმოთ სწორად ნაბიჯები, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ და არ იყოს ის, რაც ხდება ხოლმე. სალომე ზურაბიშვილს აქვს იმის რესურსი, რომ ამ კოორდინაციას სათავეში ჩაუდგეს", - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
ცნობისთვის, საპარლამენტო მანდატებზე უარის თქმის შემდეგ, "ძლიერი საქართველოს" ლიდერები პრეზიდენტს შეხვდნენ. აუდიენცია მოულოდნელად ჩაინიშნა და დაახლოებით ერთი საათი გაგრძელდა. დახურულ კარს მიღმა შეხვედრაზე მხარეებმა სამოქმედო გეგმაზე ისაუბრეს, რომლითაც საქართველო ჩიხიდან უნდა გამოიყვანონ და ევროპულ გზაზე დააბრუნონ.
"პირველების" ინფორმაციით, პრეზიდენტთან დღეს შეხვედრას კოალიცია "ცვლილებებისთვისაც" გამართავს. როგორც ადგილიდან "ტვ პირველის" კორესპონდენტი იტყობინება, ათონელის რეზიდენციაში ელენე ხოშტარია მივა.