პრეზიდენტი სამართალდამცველებს: "არ აწიოთ ხელი ახალგაზრდა მოქალაქეებზე"

29.11.24 23:00
პრეზიდენტი სამართალდამცველებს: "არ აწიოთ ხელი ახალგაზრდა მოქალაქეებზე"

"არავინ არ არის მზად, რომ შეეგუოს გარუსებულ საქართველოს, კონსტიტუცია წართმეულ საქართველოს, არალეგიტიმურ მთავრობის და პარლამენტის ხელში მყოფ საქართველოს" - ამის შესახებ განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გააკეთა.

საქართველოს პრეზიდენტმა ქვეყნის მასშტაბით ქუჩაში გამოსულ მოქალაქეებს მიმართა და თქვა, რომ მათ გვერდით არის. 

სალომე ზურაბიშვილმა პოლიციასაც მიმართა და უთხრა, არ აწიონ ხელი აქციის მშვიდობიან დემონსტრანტებზე. პრეზიდენტი პირდაპირ ამბობს, რომ ყველა განხორციელებულ ძალადობრივ ქმედებაზე პასუხისმგებლობა შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნებს ეკისრება

ძალიან მაგარია საქართველო და მაგარია მისი საზოგადოება. ჩანს ყველანაირად, რომ არავინ არ არის მზად, შეეგუოს გარუსებულ საქართველოს, კონსტიტუციაწართმეულ საქართველოს, არალეგიტიმური მთავრობისა და პარლამენტის ხელში მყოფ საქართველოს. თქვენ დღეს ძალიან ბევრნი ხართ გამოსულები. გიყურებთ რუსთაველზე, გიყურებთ საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, ახმეტა, ლაგოდეხი, თელავი. ეს არნახულია, რომ ერთდროულად და სპონტანურად გამოდიოდნენ საქართველოს მოქალაქეები უაღრესად მშვიდობიანად.

მინდა მივმართო, პირველ რიგში, სამართალდამცავებს, ვიცი, საპატრულო პოლიცია ყველაფერს აკეთებს და მინდა ამისთვის მადლობა ვუთხრა. დანარჩენებს მინდა მოგმართოთ - არ აწიოთ ხელი ჩვენს ახალგაზრდა მოქალაქეებსა და არც სხვებზე! თავი შეიკავეთ და თქვენი მოვალეობა დაიცავით! არაფერი ხდება არც რუსთაველზე, არც სხვა ქალაქებში, რაც თქვენს ჩართულობასა და დარბევას მოითხოვს. ამიტომ ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობა არის თქვენი, მხოლოდ თქვენი და თქვენი უფროსების. მათაც უნდა იფიქრონ ამაზე“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მსგავსი სიახლეები