საეჭვოა, ასახავს თუ არა საქართველოში ჩატარებული არჩევნები ამომრჩეველთა ნებას - ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა საპარლამენტო არჩევნების საბოლოოდ შედეგების შეფასებას აქვეყნებს - დამკვირვებლები, რომლებიც საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს მონიტორინგს უწევდნენ, პირდაპირ წერენ, რომ არჩევნების შედეგების სისწორე სერიოზულ ეჭვებს აღძრავს.
"სერიოზულ ეჭვებს აღძრავს განსაკუთრებით ის, ასახავს თუ არა არჩევნების შედეგები ამომრჩეველთა ნებას - ვკითხულობთ დოკუმენტში.
- ჩვენი მიგნებები, რომელიც ეფუძნება წინასაარჩევნო პერიოდს და არჩევნების დღეს, ასევე არჩევნების შემდეგ სანდო და თანმიმდევრულ ანგარიშებს, აჩვენებს, რომ არჩვების შედეგების სისწორეზე სერიოზული ეჭვები არსებობს და ასევე იმაზე, ასახავს თუ არა შედეგები ამომრჩევლის ნებას"
სადამკვირვებლო მისია ხაზს უსვამს საარჩევნო პროცესის სამართლიანობის დარღვევას, რომელიც მათივე შეფასებით, ეჭვქვეშ აყენებს შედეგების ლეგიტიმურობას.
დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ ხმის ფარულობის დარღვევამსაარჩევნო პროცესის მთლიანობა დაარღვია:
- საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობა და სამართლიანობა: ბოლო წუთებში განხორციელებული ცვლილებები და შესწორებები განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობისა და სამართლიანობის შესახებ. ერთ-ერთი ყველაზე საკითხი იყო ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა, რაც იმ საარჩევნო უბნების თითქმის მეოთხედში დაფიქსირდა, სადაც IEOM-ის დამკვირვებლები ესწრებოდნენ. ხმის ფარულობის დარღვევამ, რომელიც ევროპული არჩევნების მემკვიდრეობის ფუნდამენტია, საარჩევნო პროცესის მთლიანობა დაარღვია"
სადამკვირვებლო მისია სახელმწიფო ინსტიტუტების პოლიტიზირებაზე საუბრობს და ამ კონტექტსში ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებას იშველიებს:
- ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილება გარკვეული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის "პოლიტიკური მიზნების მქონე სუბიექტის" იარლიყის მიწებება მიუღებელი ნაბიჯი იყო. გარდა ამისა, ცესკოს შემადგენლობაში შეტანილმა ბოლოდროინდელმა ცვლილებებმა გააჩინა კითხვები ცესკოს მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით და ასევე, ამ ინსტიტუტისადმი ნდობა დააქვეითა"
კიდევ ერთ პუნქტში, რომელიც დასათაურებულია, როგორც "არათანაბარი სათამაშო მოედანი" წერია, არჩევნების სამართლიანობას არათანაბარი კონკურენციის პოლიტიკურ პარტიებს შორის არათანაბარი პირობები არღვევდა. დამკვირვებლების შეფასებით, აშკარა იყო, რომ მმართველ პარტიას უპირატესობა ჰქონდა.
ამასთან გავლენიანმა საერთაშორისო დამკვირვებლებმა დაადგინეს, რომ ადმინისტრაციული რესურსები მმართველი პარტიის სასარგებლოდ გამოიყენებოდა, რაც არათანაბარ პირობებს ქმნიდა. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა აღნიშნავს, რომ მედიაპოლარიზაციამ გაართულა ამომრჩევლისთვის ინფორმირებული არჩევანის გაკეთება.
საერთაშორისო დამკვირვებლებს დაშინებისა და ზეწოლის ფართოდ გავრცელებული კლიმატი არ გამორჩენიათ. მათი შეფასებით, აღნიშნული სურათი ზეწოლას ახდენდა როგორც ამომრჩევლებზე, ასევე აქტივისტებზე:
- "რუსულმა კანონმა" სამოქალაქო საზოგადოების, დამოუკიდებელი მედიისა და განსხვავებული ხმების სტიგმატიზებას შეუწყო ხელი. როგორც უბნების შიგნით, ასევე მის გარეთ ამომრჩევლის დაშინებამ ამომრჩევლებს უსაფრთხოების გრძნობა დაუქვეითა. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები და ჟურნალისტები მნიშვნელოვან ზეწოლასა და შევიწროებას. ცნობები ამომრჩეველთა დაშინების, იძულების და ზეწოლის შესახებ, ძირითადად, საჯარო სექტორში მომუშავე პირებისა და ეკონომიკურად დაუცველ ინდივიდებზე ვრცელდებოდა".
კონტროლირებად გარემოზე საუბრისას დამკვირვებლები აღნიშნავენ, რომ საარჩევნო უბნებზე მმართველი პარტიის მიერ დამონტაჟებული კადრებით შეიქმნა ატმოსფერო - "დიდი ძმა გიყურებს", რაც ხშირად არღვევს ხმის ფარულობოს პრინციპს.