ყველა ზღვარი გადალახულია - თავდაცვის ძალების გენერალურ შტაბს რატი თვალავაძე ტოვებს

30.11.24 02:44
ყველა ზღვარი გადალახულია - თავდაცვის ძალების გენერალურ შტაბს რატი თვალავაძე ტოვებს

თავდაცვის სამინისტროს მოქმედი თანამშრომელები ტოვებენ - რამდენიმე წუთის წინ, თავდაცვის ძალების გენერალური შტაბი რატი თვალავაძემ დატოვა. 

კაბინეტებში გამოკეტვის დრო აღარაა - წერს მაღალჩინოსანი და  საჯარო მოხელეებს მიმართავს, პოზიცია ხმამაღლა დააფიქსირონ:

" დატოვეთ თანამდებობები, გამოდით ქუჩებში"- აღნიშნულია რატი თვალავაძის წერილში. 

"მეგობრებო, ყველა ზღვარი გადალახულია, დამდგარია გადამწყვეტი მომენტი. 
ვტოვებ თავდაცვის ძალების გენერალურ შტაბს, პატივს ვცემ აქ გატარებულ თითოეულ დღეს და ვაჟკაც ოფიცრებსა და სერჟანტებს, რომლებთანაც ურთიერთობა ყოველდღიურად მქონდა, ვაფასებ იმასაც, რაც ერთად გაგვიკეთებია აშშ-სთან ურთიერთობების გაღრმავებისა და დასავლურ ინსტიტუციებთან ურთიერთთავსებადობისთვის, თუმცა კაბინეტებში გამოკეტვის დრო აღარაა, აღარაა დრო არც ევფემიზმების, აბსტრაქციებისა თუ დიდაქტიკის; ახლა დრო არის ერთადერთის - პროტესტის. დღეს, რადგან სხვა შემთხვევაში - ხვალ აღარ იქნება. 

მოვუწოდებ ყველა ჩემს მეგობარ თუ არამეგობარ საჯარო მოხელეს ყველა უწყებაში, დააფიქსირეთ პოზიცია ხმამაღლა და დააფიქსირეთ ახლა, დატოვეთ თანამდებობები, გამოდით ქუჩებში. 

მოვუწოდებ პარტნიორი ქვეყნების საელჩოებს, დაუდგნენ დემონსტრანტებს გვერდით ყველა იმ საშუალებით, რომლებიც აქვთ - განცხადებებით, სანქციების მოთხოვნით საკუთარი მთავრობებისგან. 

მოვუწოდებ ჩემს სტუდენტებს (რომელთაც მოწოდება ისედაც ყველაზე ნაკლებად სჭირდებათ), ის, რაზეც წლების მანძილზე აუდიტორიებში გვისაუბრია საფრთხის ქვეშაა - იმ თავისუფლებას, რომელიც გვაძლევდა შესაძლებლობას თამამად გვესაუბრა იდეებსა და ღირებულებებზე, უპირებენ ფეხ-ქვეშ გათელვას. ისედაც ყველას კარგად გესმით, მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ - დასავლეთთან კავშირების საბოლოო ჩაჭრა ნიშნავს ბნელ პრო-რუსულ ტოტალიტარიზმს, რომელიც შემოაღწევს ყველა აუდიტორიასა და უკლებლივ ყველა იმ ოჯახში, რომელიც არ გაუწვება რეჟიმს. დაიცავით საკუთარი მომავალი ახლა! 

და მუდმივად გქონდეთ რწმენა: ეს არ იქნება 1921, საქართველო არ დაკარგავს დამოუკიდებლობას; და ჩვენ ვერავინ, ვერავინ, ვერავინ ვეღარასდროს დაგვაბეჩავებს - საქართველო არ იქნება ჩეჩნეთი და საქართველოს შვილებს რუსები ვერ წაიყვანენ თავიანთ ბინძურ და სხვა ერების გამაუბედურებელ ომებში, გადავთელავთ ყველას, ვინც წინ დაგვიდგება ცივილური, ევროპული მომავლისკენ მიმავალ გზაზე", - წერს რატი თვალავაძე.

ამასთან "ოცნების" გადაწყვეტილებას, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებასთან დაკავშირებით, რამდენიმე საათის წინ თავდაცვის სამინისტროს 50-მდე თანამშრომელი  გაემიჯნა. 

როგორც განცხადებაშია აღნიშნული,  უწყების წარმომადგენლები საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლით გაწერილი ვალდებულების ერთგულნი რჩებიან.

ამავე თემაზე: 

მსგავსი სიახლეები