კობახიძე აქციის დარბევისთვის კვლავ გომელაურს უხდის მადლობას და ხალხის სასტიკ ცემას “რამდენიმე სამწუხარო ინციდენტს” უწოდებს

30.11.24 14:24
კობახიძე აქციის დარბევისთვის კვლავ გომელაურს უხდის მადლობას და ხალხის სასტიკ ცემას “რამდენიმე სამწუხარო ინციდენტს” უწოდებს

ირაკლი კობახიძე აქციის დარბევისთვის კვლავ შს მინისტრს, ვახტანგ გომელაურს უხდის მადლობას. 

თვითგამოცხადებული მთავრობის მეთაურმა ბრიფინგზე  აქციის მიმდინარეობისას საპოლიციო ძალების მიერ ხალხის სასტიკ ცემას "რამდენიმე სამწუხარო ინციდენტი" უწოდა. 

"მადლობა მინდა გადავუხადო შინაგან საქმეთა მინისტრს და თითოეულ პოლიციელს, რომელიც გუშინ საქართველოს კონსტიტუციურ წყობილებაზე თავდასხმას იგერიებდა და საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის სადარაჯოზე იდგა. 

მადლობა მინდა გადავუხადო შს მინისტრს, ვახტანგ გომელაურს, არც კი მინდა წარმოვიდგინო იმ მასშტაბური ძალადობის ფონზე, რომელიც გუშინ ძალადობრივი დაჯგუფებებისგან ვიხილეთ, რით დასრულდებოდა ეს მიტინგი გუშინ შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი, ან გიორგი გახარია რომ ყოფილიყო. რამდენიმე ადამიანის მკვლელობა, ან რამდენიმე ადამიანისთვის თვალების დათხრა იქნებოდა ის მინიმალური შედეგი, რითაც ამგვარი მიტინგი დასრულდებოდა. 

ვახტანგ გომელაურმა და შინაგან საქმეთა სამინისტრომ გუშინაც იმოქმედეს ამერიკულზე და ევროპულზე მაღალი სტანდარტით და პროპორციულობის დაცვით აღკვეთეს უმძიმესი თავდასხმა საქართველოს კონსტიტუციურ წყობილებაზე. 

მინდა მოვუწოდო პოლიციელებს გამოიჩინონ მაქსიმალური მოთმინება და თავი შეიკავონ ძალის ჭარბი გამოყენებისგან. გუშინაც იყო რამდენიმე სამწუხარო ინციდენტი, რომელიც მომავალში არ უნდა დავუშვათ. შეგახსენებთ, რომ ნებისმიერი ამგვარი ინციდენტი რადიკალური ოპოზიციისა და მისი ძალადობრივი დაჯგუფების მხრიდან მათი ბრუტალური ძალადობის გადასაფარად გამოიყენება," - განაცხადა არალეგიტიმურმა პრემიერმინისტრმა.

30 ნოემბრის დილა, 06:15 საათი - გამთენიისას სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრები მოქმედებაზე გადავიდნენ - "ხარებას", ზვიად ხარაზიშვილის რაზმის წარმომადგენლები ბესიკის ქუჩიდან, მეტრო - "რუსთაველიდან" და თავისუფლების მოედნიდან ერთდროულად დაიძრნენ, მომიტინგეები ალყაში მოაქციეს და გადაადგილების საშუალებას არ აძლევდნენ.

ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე, ნიღბიანებმა რამდენიმე მოქალაქე ძალის გამოყენებით დააკავეს, არიან დაშავებულები. 

მას შემდეგ, რაც რუსთაველის გამზირი გაწმინდეს, სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლებმა მოქალაქეებზე ნადირობა უკვე ყველა ჩიხში და გადასასვლელში დაიწყეს. აღსანიშნავია, რომ აქცია მშვიდობიან ხასიათს ატარებდა.

შსს-ს ცნობით, გომელაურის რაზმის თანამშრომლებმა სულ 107 მომიტინგე დააკავეს. 

მსგავსი სიახლეები