"ოცნების" გადაწყვეტილებამ ჩვენი ქვეყნის საუკუნოვან მისწრაფებას ხაზი ერთი ხელის მოსმით გადაუსვა - ჯაფარიძე

30.11.24 22:14
"ოცნების" გადაწყვეტილებამ ჩვენი ქვეყნის საუკუნოვან მისწრაფებას ხაზი ერთი ხელის მოსმით გადაუსვა - ჯაფარიძე

ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ყოფილი ელჩი, თედო ჯაფარიძე ყველა იმ მოქმედ დიპლომატს, რომლებიც "ქართული ოცნების" ანტიევროპულ განცხადებას გაემიჯნენ, მხარდაჭერას უცხადებს. 

საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი წერს, რომ ივანიშვილის გუნდის გადაწყვეტილებამ ქვეყნის საუკუნოვან მისწრაფებას ხაზი ერთი ხელის მოსმით გადაუსვა.

უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი იმედს გამოთქვამს, რომ მოქმედი დიპლომატების განცხადებას მალე შეუერთდებიან ისინიც, ვინც ახლა ყოყმანობს. 

სრულად ვუჭერ მხარს მოქმედი დიპლომატებისა და საგარეო უწყების თანამშრომლების განცხადებას, რომლითაც ისინი ემიჯნებიან საქართველოს მთავრობის კონსტიტუციასთან შეუსაბამო გადაწყვეტილებას ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების შეჩერების თაობაზე. 

ხელისმომწერთაგან ბევრი ჩემი უმცროსი კოლეგა თუ სტუდენტი იყო, ვისთან ერთადაც, სამი ათწლეულის მანძილზე, ნაბიჯ-ნაბიჯ, უამრავი სირთულითა და დიდი ძალისხმევის ფასად, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მომავლის ურთულესსგზაზე წინ მივიწევდით დიდი პატივით მინდა გავიხსენო დამოუკიდებელი საქართველოს დიპლომატთა პირველი თაობა. 

ხელისუფლების გუშინდელმა გადაწყვეტილებამ, ჩემდა სამწუხაროდ, ერთი ხელის მოსმით გადაუსვა ხაზი ჩვენი ქვეყნის საუკუნოვან მისწრაფებას ევროპისაკენ, რასაც დიპლომატების რამდენიმე თაობამ პრეზიდენტებთან, პრემიერებთან, მინისტრებთან, სხვა საჯარო მოხელეებთან და, პირველ რიგში, ქართულ საზოგადოებასთან ერთად, ათწლეულების შრომისა და ბრძოლის შედეგად მიაღწია.

ეს ჩემთვის ახლა განსაკუთრებით მძიმე სანახავია. 

მინდა სოლიდარობა გამოვუცხადო ქართველ დიპლომატებს და იმედი გამოვთქვა, რომ განცხადებას მალე შეუერთდებიან ისინიც, ვინც ახლა ყოყმანობს. 

მეგობრებო, სწორედ ახლაა დრო, თქვენი პოზიცია მკაფიოდ დააფიქსიროთ! არცერთი თანამდებობა არ ღირს ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლის ფასად!" ნათქვამია თედო ჯაფარიძის განცხადებაში. 

მსგავსი სიახლეები