ბათუმის მერიის თანამშრომლები "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებას ემიჯნებიან

01.12.24 00:51
ბათუმის მერიის თანამშრომლები "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებას ემიჯნებიან

ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლების ნაწილი "ქართული ოცნების" განცხადებას, ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეჩერების შესახებ, ემიჯნება. 

განცხადების 15-მდე ხელმომწერი ამბობს, რომ ივანიშვილის გუნდის გადაწყვეტილება საქართველოს მოსახლეობის მიერ გაცხადებულ მიზანთან, რომელიც კონსტიტუციის 78-ე მუხლში აისახა, თანხვედრაში არ მოდის.

ჩვენ, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლები მკაფიოდ და ერთმნიშვნელოვნად ვაცხადებთ, რომ ვემიჯნებით საქართველოს ევროკავშირში წევრობის პროცესის 2028 წლამდე შეჩერების გადაწყვეტილებას და მის გამომწვევ ყველა მიზეზს. 

ჩვენი მოსაზრებით, ეს გადაწყვეტილება არაა თანხვედრაში საქართველოს მოსახლეობის მიერ გაცხადებულ მიზანთან, რომელიც კონსტიტუციის 78-ე მუხლში აისახა. 

ჩვენ, ვიყავით, ვართ და ვრჩებით ჩვენი მოქალაქეების, კონსტიტუციის, და ევროპული ღირებულებების ერთგულნი.

შესაბამისად, საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში, ვაცხადებთ, რომ ერთგულნი ვრჩებით საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსისადმი". - წერია განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები