ვრჩები პრეზიდენტის პოსტზე, რათა უზრუნველვყო სტაბილურობა ახალ არჩევნებამდე - პრეზიდენტის ინტერვიუ BBC-თან
საქართველოში განითარებულ მოვლენებსა და მასშტაბურ პროტესტებზე საქართველოს პრეზიდენტმა BBC-თან ინტერვიუში ისაუბრა. სალომე ზურაბიშვილმა გავლენიან მედიასთან აღნიშნა, რომ ქვეყანა ახლა ღრმა კრიზისშია და ყველაზე მეტად ახლა ქვეყანას სტაბილურობა სჭირდება, რომლის გეგმაც მას უკვე აქვს და ის ახალი არჩევნებია. მისი თქმით, პრეზიდენტის პოსტზე დარჩება, რათა ეს სტაბილურობა ზურუნველყოს.
მნიშვნელოვანი და უჩვეულო ქვეყანაში არის ის, რომ ვხედავთ ადამიანები ტოვებენ საჯარო სამსახურებს სამინისტროებში, სხვადასხვა ინსტიტუტებში. ასევე ახალია საქართველოსთვის ის, რომ სპონტანური საპროტესტო აქციები იმართება ყველა ქალაქში, ჩვეულებრივ პროტესტის ნებისმიერი ფორმის ცენტრი თბილისი იყო ხოლმე. პოლიტიკური პარტიები არ შევიდნენ და არ შევლენ პარლამენტში. ასე რომ, ჩვენ ვართ ამ ღრმა კრიზისში და ყველაზე მეტად რაც გვჭირდება არის სტაბილურობა. მიმაჩნია, რომ მე ვთავაზობ ამ სტაბილურობას გარდამავალი პერიოდისთვის, რადგან, რასაც ხალხი ქუჩაში ითხოვს და რის გამოც პროტესტს გამოხატავს, არის ახალი არჩევნების მოთხოვნა, რათა ეს ქვეყანა აღდგეს ევროპულ გზაზე. „დავრჩები პრეზიდენტის პოსტზე, ეროვნული ფორმატის საბჭო, პოლიტიკური პარტიები, სამოქალაქო საზოგადოება დამეხმარება პროტესტის პოლიტიკურ ნაწილში, რადგან მე არ ვხელმძღვანელობ პროტესტს ქუჩაში, რომელიც ძალიან სპონტანურია. ჩვენ გვჭირდება სტაბილურობა და ჩვენ გვჭირდება არჩევნების მომზადება. ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია ევროპარლამენტის რეზოლუცია, რომელიც ასევე ითხოვს ახალ არჩევნებს, იქნება ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება დეკემბრის შუა რიცხვებში და ტექნიკური მისია, რომელსაც ისინი აგზავნიან საქართველოში, დაგვეხმარება განვიხილოთ შემდეგი არჩევნების პირობები იმისთვის, რომ ბოლოს და ბოლოს გვქონდეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. ასე რომ, ეს უნდა იყოს გარდამავალი პერიოდი და გარდამავალი პერიოდი უნდა იყოს რაც შეიძლება ხანმოკლე და რაც შეიძლება სტაბილური“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.
კითხვაზე, რა მოხდება, თუკი „ქართული ოცნება“ ამ მოთხოვნას უგულებელყოფს, პრეზიდენტმა უპასუხა:
და რა მოხდება, თუკი ჩვენ უგულებელვყოფთ მათ? ვფიქრობ, ეს არის ის, რასაც ეს ადამიანები აკეთებენ ქუჩებში. ძალადობის მიუხედავად, მათ მიმართ გამოყენებული ძალის მიუხედავად მათ სიმტკიცეში არაფერი იცვლება, - აღნიშნა პრეზიდენტმა.
კითხვაზე, გრძნობს თუ არა თავს დაცულად და ფიქრობს, თუ არა, რომ შესაძლოა დააპატიმრონ, პრეზიდენტმა ასე უპასუხა:
მე მიცავს ქუჩაში გამოსული ხალხი. მიმაჩნია, რომ დღეს მმართველი პარტია ძალიან იზოლირებულია და უფრო და უფრო იზოლირებული გახდება. ახლა რაც ყველა ჩვენგანისთვის მნიშვნელოვანია და იმედი მაქვს, ისინი ამას შეეგუებიან, არის სტაბილური გარდამავალი პერიოდი, ახალი არჩევნები, რომელიც მათ სრულად არ გააძევებს ხელისუფლებიდან, ისინი დარჩებიან იმდენად, რამდენადაც თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები მისცემს მათ მანდატებს პარლამენტში, - აღნიშნა პრეზიდენტმა.