ყველაფერი, რაც საქართველოში ხდება, ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებების შედეგია - კურტ უოლკერი

01.12.24 13:59
ყველაფერი, რაც საქართველოში ხდება, ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებების შედეგია - კურტ უოლკერი

ნატო-ში აშშ-ის ყოფილი ელჩი და „ევროპული პოლიტიკის ანალიზის ცენტრის“ (CEPA) წარმომადგენელი, კურტ ვოლკერი "ქართულ ოცნებას" ტყუილში ამხელს. დიპლომატის თქმით,  საქართველოს ხელისუფლება არჩევნებამდე ამტკიცებდა, რომ ევროკავშირში გაწევრიანებას აპირებდა, თუმცა შემდეგ გადაწყვეტილება შეცვალა. მისი თქმით, ეს ქმედებები ივანიშვილის კისერზეა და ამიტომ მის წინააღმდეგ სანქციები აუცილებლად უნდა დაწესდეს.

"ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში ის ასევე, ივანიშვილის გადაწყვეტილებებს იანუკოვიჩის ქმედებებს ადარებს და ამბობს, რომ უკრაინის მაშინდელმა პრეზიდენტმაც დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალა გამოიყენა. 

ეს არის ქართველი ხალხის შეცდომაში შეყვანის მართლაც განმაცვიფრებელი და თავხედური ძალისხმევა. მთელი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში „ქართული ოცნება“ აცხადებდა, რომ კვლავ აპირებდნენ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას. ეს არის ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ უამრავი გაყალბების მიუხედავად, ამომრჩევლების ამდენი ხმა მიიღეს. ახლა კი გამოხვიდე და თქვა, რომ არა, ჩვენ არ ვაპირებთ ამა თუ იმ საქმის გაკეთებას, ეს არის ქართველი ხალხის სრული შეცდომაში შეყვანა. პარლამენტი ლეგიტიმური არჩევნების გარეშე შეიკრიბა, ქვეყნის პრეზიდენტმა უარი თქვა პარლამენტის ლეგიტიმურობის აღიარებაზე. ასე რომ, ვფიქრობ აშშ-სა და ევროკავშირის მოვალეობაა, გააკეთონ მკაფიო განცხადება - ჩვენ არ ვაღიარებთ ამ არჩევნების ვალიდურობას. ყველაფერი, რაც საქართველოში ხდება, ერთი ადამიანის, ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებების და ქმედებების შედეგია - როგორც არჩევნების გაყალბება, ასევე საქართველოს ევროკავშირისგან დაშორება. ასე რომ ვფიქრობ, ამ შემთხვევაში, სანქციების მზარდი საფუძველი არსებობს. პარალელები მართლაც არსებობს: მაშინ იანუკოვიჩმა გადაწყვიტა, არ მიეღო ევროკავშირისგან ასოცირების სტატუსი, რამაც მაიდანზე უკრაინელების პროტესტი გამოიწვია იმით, რომ მან ძალა გამოიყენა დემონსტრანტების წინააღმდეგ, -  ამბობს კურტ ვოლკერი. 

საქართველოს ხელისუფლება უარს ამბობს 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნაზე.  მმართველი გუნდი ასევე უარს ამბობს ევროკავშირისგან ყოველგვარ ფინანსურ დახმარებაზეც. ეს განცხადება ირაკლი კობახიძემ 28 ნოემბერს გააკეთა, რასაც ქართველი ხალხის მასშტაბური პროტესტი მოყვა. 

მსგავსი სიახლეები