EU-ს პასუხი ირაკლი კობახიძეს
ევროკავშირი სწუხს ირაკლი კობახიძის განცხადების გამო „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილების შესახებ, რომ არ განაგრძოს ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყება, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის, კაია კალასისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, მარტა კოსის ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი. ევროპელი მაღალჩინსონები ხაზს უსვამენ, რომ "ოცნების" ეს განცხადება საქართველოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება და საქართველოს ყველა წინა ხელისუფლებების პოლიტიკისგან გადახვევაა.
ევროკავშირი სწუხს ირაკლი კობახიძის განცხადების გამო „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილების შესახებ, რომ არ განაგრძოს ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყება და უარი თქვას ევროკავშირის ფინანსურ მხარდაჭერაზე 2028 წლამდე. აღვნიშნავთ, რომ ეს განცხადება აღნიშნავს გადახვევას საქართველოს ყველა წინა ხელისუფლების პოლიტიკიდან და ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის ევროპული მისწრაფებებიდან, როგორც ეს გათვალისწინებულია საქართველოს კონსტიტუციაში. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ხელისუფლების ქმედებებმა და დემოკრატიულმა უკანსვლამ გამოიწვია გაწევრიანების პროცესის დე ფაქტო შეჩერება უკვე მიმდინარე წლის ივნისში და რომ ევროკავშირის ფინანსური დახმარება, რომელიც უშუალოდ საქართველოს ხელისუფლებისთვის იყო განკუთვნილი, ამჟამად შეჩერებულია, - აღნიშნულია განცხადებაში.
კაია კალასი და მარტა კოსი ასევე გმობენ იმ ძალადობას, რომელიც ძალოვანებმა მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ განახორციელეს.
ევროკავშირი მკაცრად გმობს ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ, რომლებიც მტკიცედ იცავენ თავიანთ ევროპულ და დემოკრატიულ მომავალს. საქართველოს ხელისუფლების ეს ქმედებები პირდაპირ გავლენას ახდენს ჩვენს ურთიერთობაზე, - აღნიშნულია განცხადებაში.
ევროპელი მაღალჩინოსნები პირდაპირ წერენ, რომ საქართველოს ახლა დემოკრატიული უკუსვლის გზაზეა და საქართველოს დაბრუნება ევროპულ ღირებულებებისკენ და ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე საქართველოს ხელმძღვანელობის ხელშია.
ევროკავშირი იმეორებს სერიოზულ შეშფოთებას ქვეყნის უწყვეტი დემოკრატიული უკუსვლის გამო, იმ დარღვევების ჩათვლით, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდსა და საპარლამენტო არჩევნების დროს მოხდა. ამ კონტექსტში, ევროკავშირი მოუთმენლად ელის ეუთო/იდირ-ის საბოლოო ანგარიშს და მის რეკომენდაციებს. ევროკავშირი დგას ქართველი ხალხისა და ევროპული მომავლისთვის მისი არჩევანის გვერდით. ევროკავშირის კარი ღია რჩება და საქართველოს დაბრუნება ევროპულ ღირებულებებისკენ და ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე საქართველოს ხელმძღვანელობის ხელშია, - აღნიშნულია განცხადებაში.