სენატორები რიში და შაჰინი: დროა გამოვიყენოთ აშშ-ს მთავრობის ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტი, სანქციების ჩათვლით
სენატორები ჯინ შაჰინი და ჯიმ რიში საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და წერენ, რომ დროა, ადმინისტრაციამ აშშ-ის განკარგულებაში არსებული ყველა საშუალება, მათ შორის სანქციები, გამოიყენოს.
მათი თქმით, ქართველ ხალხს აქვს უფლება, იცოდეს, რომ შეერთებული შტატები არ იქნება უმოქმედო ამ ვითარების გაუარესებისას".
ჩვენ ძალიან შეშფოთებულები ვართ საქართველოში განვითარებული სიტუაციით, სადაც მშვიდობიან პროტესტს მთავრობის მხრიდან ძალადობრივი და აგრესიული ქმედებები მოჰყვა. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც საქართველოს მთავრობამ არაკონსტიტუციურად უგულებელყო ქართველი ხალხის უმრავლესობის მისწრაფებები და შეაჩერა ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი. ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს, რომელსაც მშვიდობიანი პროტესტის უფლება აქვს. აშშ-ის კონგრესში ქართველი ხალხის მიმართ ძლიერი ორპარტიული და ორპალატიანი მხარდაჭერაა და ჩვენ ვიმუშავებთ იმის უზრუნველსაყოფად, რომ საქართველოს მთავრობა და ის პირები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან არჩევნებში ჩარევაზე, მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ ძალადობასა და სხვა ქმედებებზე, რომლებიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას ასუსტებს, პასუხისგებაში იქნებიან მიცემული"- ნათქვამია განცხადებაში.
მიმართვის ავტორები მთავრობის მხრიდან მშვიდობიან დემონსტრანტებზე ძალადობის გამო შეშფოთებას გამოხატავენ. სენატორები მოუწოდებენ სახელმწიფო დეპარტამენტს, მკაფიოდ და ერთმნიშვნელოვნად გამოხატოს პოზიცია მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ძალის გამოყენების საკითხზე.
ვთხოვთ როგორც ამჟამინდელ, ასევე მომავალ ადმინისტრაციებს თავისუფლებისა და დემოკრატიის მხარდაჭერას საქართველოში. ბაიდენის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერების შესახებ კარგი დასაწყისია, მაგრამ ახლა დროა, აშშ-ის მთავრობის განკარგულებაში არსებული ყველა საშუალება, მათ შორის სანქციები, გამოვიყენოთ იმისთვის, რომ საქართველოს მთავრობას შევახსენოთ, რომ ქმედებებს შედეგები მოაქვს. ქართველ ხალხს აქვს უფლება, იცოდეს, რომ შეერთებული შტატები არ იქნება უმოქმედო ამ ვითარების გაუარესებისას" - ნათქვამია განცხადებაში.