ათონელის სასახლეში შეხვედრა დასრულდა - რაზე შეთანხმდნენ პრეზიდენტი და პროდასავლური ოპოზიცია
ათონელის სასახლეში პრეზიდენტის და პროდასავლური ოპოზიციის შეხვედრა დასრულდა. სალომე ზურაბიშვილმა მათ საგზაო რუკა წარმოუდგინა, თუ როგორ უნდა დააღწიოს ქვეყანამ პოლიტიკურ კრიზისს.
შეხვედრიდან გამოსული "ძლიერი საქართველოს" ლიდერი ბადრი ჯაფარიძე ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილთან საუბარი შეეხო იმასაც, თუ როგორ უნდა მოხდეს ესკალაციის თავიდან აცილება და შეწყდეს მოქალაქეებზე ძალადობა.
გაგვაცნო თავის ხედვა მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ. ითქვა, რომ ეს არის მშვიდობიანი პროტესტი, ქართველი ხალხის მცდელობა, რომ პროცესები მშვიდობიანად დაბრუნდეს კონსტიტუციურ ჩარჩოებში. ეს არის ამოცანა, რომ ქვეყანაში მაქსიმალურად თავიდან აცილებული იქნეს ესკალაცია და ამისთვის აუცილებელია, რა თქმა უნდა, „ქართული ოცნება“ რეაგირებდეს ადეკვატურად. აუცილებელია, რომ არ მიეცეს საშუალება „ქართულ ოცნებას“, რომ იძალადოს ჩვენს თანამოქალაქეებზე, ამის არანაირი პროვოცირება არ უნდა მოხდეს, - ამბობს „ძლიერი საქართველოს“ ლიდერი ბადრი ჯაფარიძე.
გახარიას გუნდის წევრი დიმიტრი ცქიტიშვილი ამბობს, რომ ახლაპროდასავლური ოპოზიციის ერთობა მნიშვნელოვანია, რადგან ქვეყანაში დემოკრატიაა გადასარჩენი. მისი თქმით, ერთის მხრივ მნიშვნელოვანია, იმ ახალგაზრდების უსაფრთხოების დაცვა, რომლებიც ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის იბრძიან, მეორეს მხრივ, უნდა აიძულონ "ოცნება" დემოკრატიის ჩარჩოებს დაუბრუნდეს.
მიუხედავად იმისა, რომ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები გვაქვს, ამ ეტაპზე რჩება „ქართული დემოკრატია“ გადასარჩენი. ჩვენ ერთის მხრივ, ვალდებულება გვაქვს იმ ბუნებრივ წინააღმდეგობის პროტესტზე, რომელიც შეიქმნა, ახალგაზრდებს დავეხმაროთ იმისთვის, რომ ისინი დაცულები იყვნენ პროვოკაციებისგან და მათი უსართხოება იყოს დაცული, და მეორეს მხრივ, უნდა ვაიძულოთ ხელისუფლება, დააბრუნოს პროცესები დემოკრატიულ ჩარჩოში, - ამბობს დიმიტრი ცქიტიშვილი.
პროდასავლურ ოპოზიციასთან და სამოქალაქო სექტორთან შეხვედრის შემდეგ სალომე ზურაბიშვილი სპეციალური განცხადების გასაკეთებლად ემზადება.