პრეზიდენტი: "ოცნებამ" ზურგი აქცია EU-ს და მიუბრუნდა რუსეთს
მმართველ პარტიას აწუხებს, რომ პროტესტი კონსტიტუციურ ჩარჩოებშია - სამაგიეროდ, მმართველი პარტია ყველა ნაბიჯზე კონსტიტუციის გარეთ გადადის - განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ჩვენ, საზოგადოება, თავის სამოქალაქო წამოწყებებით, ქუჩის პროტესტი და ყველანაირი ქმედება კონსტიტუციის მხარესაა. ჩვენ ვიცავთ კონსტიტუციას და ვიცავთ ამ ქვეყნის კონსტიტუციურ მომავალს. სამაგიეროდ, მმართველი პარტია ყველა ნაბიჯზე კონსტიტუციის გარეთ გადადის, არღვევს კონსტიტუციას, თუნდაც თავისი ბოლო გადაწყვეტილებით, რომ შეაჩეროს, თუ როგორ ვთქვათ, შეანელოს ჩვენი ევროპული მომავალი, როდესაც კონსტიტუციაში პირდაპირ უწერია, რომ ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი ვალდებულია, ყველა ძალისხმევა მიმართოს იმისკენ, რომ ევროინტეგრაციის გზაზე რაც შეიძლება სწრაფად ვიაროთ და არა შევაჩეროთ“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
ამასთან, სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ პრემიერის დღევანდელი განცხადებები, მერე პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებები, მხოლოდ იმის მანიშნებელია, რომ საკმაოდ დაბნეულია დღეს მმართველი პარტია.
პრეზიდენტის განცხადებით, საზოგადოებამ კარგად იცის, რომ პრემიერის გადაწყვეტილება, დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მოლაპარაკებები 2028 წლამდე, ქვეყნის ორიენტაციის ცვლილებაა.
„განცხადებები, რომებიც დღეს კეთდებოდა, რომ თურმე ჩვენ ვერ გავიგეთ და არ აჩერებენ [ევროინტეგრაციას], მაგრამ რაღაც უშვრებიან, რაც გაუგებარია. სრულიად ბუნდოვანი განცხადებები ამას არ ცვლის იმიტომ, რომ საზოგადოებამ ძალიან კარგად გაიგო, რომ ეს იყო ცვლილება ჩვენი ორიენტაციის და რეალურად ზურგის შექცევა ევროკავშირისთვის და პირიქით, მიბრუნება რუსეთისკენ. ძალიან კარგად გაიგეს ჩვენმა პარტნიორებმა იგივე. ეს ვითომ დაზუსტებები არაფერს არ ემსახურება“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.