კობახიძე ამტკიცებს, რომ საჯარო მოხელეებს, რომლებიც "ოცნების" გადაწყვეტილებას გაემიჯნენ, "წაკითხულის გააზრების პრობლემა აქვთ"

02.12.24 11:54
კობახიძე ამტკიცებს, რომ საჯარო მოხელეებს, რომლებიც "ოცნების" გადაწყვეტილებას გაემიჯნენ, "წაკითხულის გააზრების პრობლემა აქვთ"

საქართველოს პრემიერობის კანდიდატი, ირაკლი კობახიძე საჯარო სამსახურებში დასაქმებული ადამიანებისა და პედაგოგების მიერ "ქართული ოცნების" გადაწყვეტილების საპასუხოდ გამოთქმულ პროტესტს ეხმაურება. 

ივანიშვილის გუნდის წევრი ამტკიცებს, რომ ადამიანებს, რომლებიც მმართველი პარტიის მიერ ევროკავშირთან მოლაპარაკებების პროცესის შეჩერებას გაემიჯნენ, "წაკითხულის გააზრების სერიოზული პრობლემა აქვთ".

ამასთან, ირაკლი კობახიძე მზაობას გამოთქვამს, დისკუსია გამართოს ყველა იმ ადამიანთან, რომლებსაც "წაკითხულის, ან მოსმენილის გააზრება გაუჭირდათ".

აშკარად გამოიკვეთა, ის რაც PISA-ს ტესტებით დასტურდებოდა, რომ საქართველოში არის წაკითხულის გააზრების სერიოზული პრობლემა. როდესაც რიგითი ადამიანი ვერ იაზრებს წაკითხულს ან მოსმენილს, ეს შეიძლება კიდევ იყოს ნაკლები პრობლემა, მაგრამ როდესაც წაკითხულის გააზრება უჭირთ კონკრეტულ საჯარო მოსამსახურეებს ან პედაგოგებს სკოლებში ან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ეს, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო დიდი პრობლემაა.

მინდა შევთავაზო ყველას, ვისაც გაუჭირდა წაკითხულის ან მოსმენილის გააზრება, ყველასთან ჩვენ მზად ვართ დისკუსიისთვის, აბსოლუტურად ყველასთან ვართ მზად დისკუსიისთვის, თუმცა, აქაც იმედი ნაკლებად შეიძლება გვქონდეს",- აცხადებს კობახიძე.

მსგავსი სიახლეები