სირცხვილია, როცა ქვეყნის არალეგიტიმური პრემიერი ფარულად შედის საგარეო საქმეთა სამინისტროში - პრეზიდენტი
"სირცხვილია, როცა ქვეყნის არალეგიტიმური პრემიერი ფარულად შედის საგარეო საქმეთა სამინისტროში" - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
ქვეყნის მთავრსარდლის შეფასებით, ასევე სირცხვილი იქნება, თუ მომხდარ ფაქტს საგარეო საქმეთა სამინისტროში დასაქმებული ადამიანების მძლავრი პროტესტი არ მოყვება.
სირცხვილია, როცა ქვეყნის არალეგიტიმური პრემიერი ფარულად შედის საგარეო საქმეთა სამინისტროში, ვითომცდა თანამშრომლებთან შეხვედრისთვის!!!! სირცხვილი იქნება, თუ ამას არ მოჰყვება კიდევ მეტი პროტესტი იმათგან, ვისაც ევალება ქვეყნის საგარეო კურსის წარმოდგენა და დაცვა, როგორც ასახულია კონსტიტუციაში!!!", - წერს პრეზიდენტი.
ცნობისთვის, ირაკლი კობახიძე საგარეო საქმეთა სამინისტროში შეიპარა. "ქართული ოცნების" ლიდერი სახელმწიფო უწყებაში უკანა კარიდან შეიყვანეს. კობახიძე ამ წუთებში თვითგამოცხადებული პარლამენტის მიერ მინისტრად დამტკიცებულ მაკა ბოჭორიშვილს და საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს ხვდება.