ივანიშვილს, გომელაურს, "ხარებას", სირაძეს და "ოცნების" კიდევ 7 მაღალჩინოსანს სანქციები დაუწესეს
ბალტიის სამმა სახელმწიფომ "ქართული ოცნების" თერთმეტ მაღალჩინოსანს სანქციები დაუწესა - შავ სიაში ლიეტუვამ, ლატვიამ და ესტონეთმა ბიძინა ივანიშვილი, ვახტანგ გომელაური, შალვა ბედოიძე, იოსებ ჭელიძე, ალექსანდრე დარახველიძე, გიორგი ბუთხუზი, ზვიად ხარაზიშვილი, მილერი ლაგაზაური, მირზა კეზევაძე, ვაჟა სირაძე და თეიმურაზ კუპატაძე შეიყვანა.
დასანქცირებულთა სრული ჩამონათვალი ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა X-ზე რამდენიმე წუთის წინ გაავრცელა და დაწერა, რომ მოცემულ პირებს ლიეტუვაში შესვლა ეკრძალებათ.
ამასთან, როგორც ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარგუს ცაჰკნა იტყობინება, აღნიშნულ პირებს სავიზო სანქციებს ესტონეთიც უწესებს - "ესტონეთი ქვეყანაში ყველა იმ ქართველს უკრძალავს შესვლას, რომლებიც ადამიანის უფლებებს არღვევენ".
ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ბაიბა ბრაჟე კი წერს, რომ "ბალტიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მიიღეს გადაწყვეტილება, დააწესონ შემაკავებელი ზომები, ტერიტორიაზე შესვლის აკრძალვა მათ წინააღმდეგ ვინც საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით დარღვევებს სჩადის".
მანამდე კი ბალტიის სამი სახელმწიფო წერდა, რომ ეროვნული სანქციების დაწესებაზე მათ წინააღმდეგ, ვინც საქართველოში ლეგიტიმური პროტესტს ახშობდა, ერთობლივად შეთანხმდნენ.