მოკავშირეები ნათლად აცხადებენ, რომ თავიდან იქნას აცილებული ნებისმიერი ქმედება, რომელიც ძირს უთხრის დემოკრატიას საქართველოში - რუტე
ცნობები ძალადობის შესახებ ღრმად შემაშფოთებელია და მე ცალსახად ვგმობ ამას. მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას, გააკეთონ ყველაფერი მშვიდობის და სტაბილურობის ხელშესაწყობად, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.
“ვფიქრობ, ეს არის ყველა ქართველის ინტერესი“, - თქვა რუტემ.
მისივე თქმით, ნატო არის ალიანსი, რომელიც ეფუძნება დემოკრატიას, ღირებულებებს, თავისუფლებისა და დემოკრატიის პატივისცემას.
ცნობები ძალადობის შესახებ არის ღრმად შემაშფოთებელი და მე მათ ვგმობ ცალსახად. მე მოვუწოდებ მთავრობას, რომ ყველაფერი გააკეთოს მშვიდობისა და სტაბილურობის აღსადგენად, რაც ყველას ინტერესშია. ნატო არის ალიანსი, რომელიც დაფუძნებულია დემოკრატიასა და ფასეულობებზე, რომლებიც გულისხმობს თავისუფლების პატივისცემას. მე მწამს, რომ ეს ფასეულობები არის ჩვენი მშვიდობისა და კეთილდღეობის საფუძველი. ამიტომ, ნატოს ყველა მოკავშირეს მიაჩნია, რომ ნებისმიერი ქმედებები, რომლებიც აზიანებს დემოკრატიას საქართველოში და საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროინტეგრაციას, არის მიუღებელი. მე მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას, მტკიცედ დადგეს იმ გზაზე, რომელიც არჩეული აქვს ქვეყანას და არ მოხდეს უკუსვლა“, - აღნიშნა მარკ რუტემ.