ღარიბაშვილი “ქართული ოცნების“ დასატოვებლად ემზადება
ირაკლი ღარიბაშვილი პარტია “ქართულ ოცნებას“ ტოვებს, - ამის შესახებ “პირველებს“ ინფორმაცია ღარიბაშვილის გარემოცვამ დაუდასტურა.
პარტია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, აპირებს თქვას, რომ ის ბიზნესში მიდის.
“ოცნების“ ლიდერები ღარიბაშვილს გუნდში ფორმალურად დარჩენას სთავაზობენ და სთხოვენ, განცხადება საპროტესტო აქციების ფონზე არ გააკეთოს. უცნობია, რას გადაწყვეტს ღარიბაშვილი.
შეგახსენებთ, რომ პრემიერ მინისტრის პოსტიდან გადაყენების შემდეგ, ირაკლი ღარიბაშვილმა პარტია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პოსტი დაიკავა. თუმცა პარტიულ საქმიანობაში არ მონაწილეობდა და მხოლოდ საარჩევნო შეხვედრებზე გამოდიოდა სიტყვით.
შეგახსენებთ, რომ ირაკლი ღარიბაშვილი, არალეგიტიმური პარლამენტის პირველ სხდომას დაესწრო, რის შემდეგაც იქ აღარ გამოჩენილა. არალეგიტიმური პარლამენტის უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ კი თქვა, რომ ღარიბაშვილი მანდატის დატოვებას აპირებდა.
პარტიის პრესამსახურში, ამ ეტაპზე, ღარიბაშვილის წასვლას არ ადასტურებენ.