საქართველოს საგარეოში ლიეტუვის, ესტონეთის ელჩები და ლატვიის საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებული დაიბარეს
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოში ლიეტუვის, ესტონეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები და ლატვიის საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებული, დარიუს ვიტკაუსკასი, მარგე მარდისალუ-კაჰარი და ლოლიტა ლენკევიჩი დაიბარეს - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
უწყების თქმით, შეხვედრაზე შეშფოთება გამოითქვა სამი ქვეყნის მიერ, საქართველოს ხელისუფლების ხელმძღვანელი პირებისა და სამართალდამცველების დასანქცირების შესახებ გაკეთებული განცხადების გამო.
აღინიშნა, რომ ეს ნაბიჯი არ შეესაბამება ქვეყნებს შორის პარტნიორული ურთიერთობების ჩარჩოებს.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველო არის საერთაშორისო ნორმების ერთგული და საქართველოს სახელმწიფო ორგანოები მოქმედებენ კონსტიტუციისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, იმისათვის რომ ქვეყანაში უზრუნველყოფილი იყოს საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება", - წერია განცხადებაში.
ევროკავშირის სამმა ქვეყანამ, ბალტიის სამმა სახელმწიფომ "ქართული ოცნების" თერთმეტ მაღალჩინოსანს სანქციები დაუწესა - შავ სიაში ლიეტუვამ, ლატვიამ და ესტონეთმა ბიძინა ივანიშვილი, ვახტანგ გომელაური, შალვა ბედოიძე, იოსებ ჭელიძე, ალექსანდრე დარახველიძე, გიორგი ბუთხუზი, ზვიად ხარაზიშვილი, მილერი ლაგაზაური, მირზა კეზევაძე, ვაჟა სირაძე და თეიმურაზ კუპატაძე შეიყვანა.