მამუკა ხაზარაძე დღეს რუსთავში ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტს შეუერთდა
"ძლიერი საქართველოს" ლიდერი, მამუკა ხაზარაძე დღეს რუსთავში ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტს შეუერთდა.
მარტო რუსთაველის გამზირზე არ წყდება საქართველოს ბედი - ამბობს მამუკა ხაზარაძე და გეგმავს ქვეყნის მასშტაბით სხვა რეგიონებშიც ჩავიდეს და ახალი არჩევნების მოთხოვნით მიმდინარე პროტესტს შეუერთდეს.
"ჩემი და ჩემი თანაგუნდელების ამოცანაა, რომ ვიაროთ ყველგან, ქალაქებში, სოფლებში, ცენტრებში, ყველგან, სადაც პროტესტია, გავამხნევოთ ადამიანები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან რუსულ ხელისუფლებას, რომელმაც გადაკეტა ევროკავშირისკენ გზა.
მარტო რუსთაველის გამზირზე არ წყდება საქართველოს ბედი, საქართველოს ბედი წყდება თითოეულ ოჯახში, თითოეულ ქუჩაზე და ყველგან, სადაც ასეთი არაჩვეულებრივი ხალხი დგას ქუჩაში და იბრძვის თავისუფლებისთვის. ასე დგას საკითხი - ან რუსეთი და ჭაობი, ან ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი, დაცული, უსაფრთხო, მომავალი ევროპაში." განაცხადა ხაზარაძემ.