ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ალენ ბერსეტი თბილისში ვიზიტს გეგმავს
ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი, ალენ ბერსეტი სალომე ზურაბიშვილს და ირაკლი კობახიძეს ტელეფონით ესაუბრა. ამის შესახებ ევროპის საბჭოს განცხადებაშია აღნიშნული.
გენერალური მდივანი ალენ ბერსეტი ყურადღებით აკვირდება საქართველოში მიმდინარე მოვლენებს. გასული 24 საათის განმავლობაში ის ტელეფონით ესაუბრა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს. დაძაბული სიტუაციისა და მიმდინარე დაპირისპირებების ფონზე, გენერალურმა მდივანმა გამოხატა ევროპის საბჭოს შეშფოთება გაზრდილი პოლარიზაციისა და პოლიტიკური ჩიხის შესახებ,- აღნიშნულია განცხადებაში.
ალენ ბერსეტმა საუბრისას ხაზი გაუსვა ევროპის საბჭოს ღირებულებებისა და სტანდარტების პატივისცემის ვალდებულებაზე, მათ შორის, მშვიდობიანი შეკრების და გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფაზე.
ვინაიდან, საქართველო არის ევროპის საბჭოს წევრი, გენერალურმა მდივანმა გაიმეორა ორგანიზაციის როლი ყველა დაინტერესებულ მხარესთან აზრების გაცვლის საქმეში და გაიხსენა ევროპის საბჭოს ღირებულებებისა და სტანდარტების პატივისცემის ვალდებულება, გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების უფლების ჩათვლით. ეს არის ქართველი ხალხის, მთლიანად ქვეყნის და მისი სტაბილურობის ინტერესებში, - აღნიშნულია განცხადებაში.
გენერალურმა მდივანმა ასევე გამოხატა მზადყოფნა, განაგრძოს კონსტრუქციული დიალოგი ყველა შესაბამის პარტნიორთან, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოებასთან, არსებული კრიზისის დაძლევის მიზნით.
„ევროპის საბჭო მზადაა გააგრძელოს საქართველოს მხარდაჭერა, მათ შორის არსებული სამოქმედო გეგმის ფარგლებში, რომელიც ევროპულ გზაზე ქვეყნის თანმხლები იქნება. ამ კონტექსტში, გენერალური მდივანი უახლოეს დღეებში საქართველოში ვიზიტს გეგმავს“, - აღნიშნულია განცხადებაში.