თემურ ჭყონია: გამოსავალი არის არჩევნები, ახალი არჩევნები უნდა დაინიშნოს
საბჭოთა ქართველმა ჩვენი ბედი არ უნდა გადაწყვიტოს - ეს ბიზნესმენ თემურ ჭყონიას სიტყვებია. ჭყონია ერთ-ერთია იმ ბიზნესმენებს შორის, ვინც ივანიშვილის ხელისუფლებას კომპრომისზე წასვლას სთხოვს.
მისი თქმით, დღეს არსებულ ვითარებაში გამოსავალია ახალი არჩევნები, რომელმაც ვითარება უნდა განმუხტოს და ქვეყანა განვითარების გზაზე დააბრუნოს:
საქართველოში მოქმედი მსხვილი კომპანიების დამფუძნებლები პირდაპირ ამბობენ, რომ ბოიკოტს გამაცხადებენ, გააჩერებენ მუშაობას, თუ არ შეწყდება ხალხის უმოწყალოდ ცემა, დარბევა, დაშინება და დაპატიმრება.
"დღევანდელმა სიტუაციამ ბიზნესი აიძულა ელაპარაკა იმ თემებზე, რომელსაც ზოგადად დიდ დროს არ ვუთმობთ... დღეს ჩვენ ვსაუბრობთ თემაზე - რა რთულ მდგომარეობაშია დღეს ქვეყანა, რა აგრესიული გახდა ჩვენი ქვეყანა ერთმანეთის მიმართ. წარმოუდგენელია როდესაც ადამიანი გაიკეთებს ჩაფხუტს რომ არ იცნონ და შემდეგ ურტყამს მაკა ჩიხლაძეს. ხელი რომ მოატრიალა კისერს ტეხდა, კინოებში მაქვს ნანახი და შემთხვევით არის გადარჩენილი. ჩვენ გვყავს საბჭოთა ქართველები და არის ახალი თაობა და ახალგაზრდობა, ეს საბჭოთა ქართველები ირჩევენ მომავალს და ამ ადამიანებს საერთოდ არ აინტერესებთ ევროპა და პასპორტი, ის ირჩევს ჩვენ მომავალს", - თქვა "კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას" დამფუძნებელმა BM.GE-ს ეთერში.