სოლიდარობა რეჟიმის პატიმრებს - აქცია ბათუმში

09.12.24 21:44
სოლიდარობა რეჟიმის პატიმრებს - აქცია ბათუმში

ბათუმში დაკავებულები რეპრესიებზე საუბრობენ - მათი თქმით, დასდევენ ყველას, ვინც აქტიურად მონაწილეობს საპროტესტო მსვლელობებში.  

ხელოვნების აკადემიის დაკავებული პროფესორის, მამუკა ჯორბენაძის და სრუდენტების ახლობლები  "ტვ პირველს" უყვებიან, რომ დაპირისპირება სასწავლებელში მას შემდეგ დაიწყო, რაც ახალგაზრდებმა რექტორის კაბინეტთან საპროტესტო ბანერის გაკვრა ცადეს.

მათი თქმით, სტუდენტებს ერთ-ერთი ლექტორის ქმარი მიუვარდა, რასაც ფიზიკური ანგარიშსწორება მოყვა.  

ირკვევა, რომ კიდევ ერთ სტუდენტს ხელბორკილები ხანდაზმული ბებიის თვალწინ დაადეს. ყველა მათგანს პოლიცია ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას ედავება. 

ამ წუთებში ბათუმში საპროტესტო აქციის მონაწილეები ხელოვნების უნივერსიტეტთან მიემართებიან, სადაც დღეს უნივერსიტეტის დეკანი და 4 სტუდენტი დააკავეს. 

შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბათუმში ჯგუფურად ჩადენილ ძალადობის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 5 პირი დააკავეს.

გამოძიება ამტკიცებს, რომ მიმდინარე წლის 3 დეკემბერს, ბათუმში გამართული საპროტესტო აქციის ფარგლებში, აქციის მონაწილეთა ჯგუფი ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტში შევიდა რექტორის სამუშაო ოთახთან ბანერის გაკვრის მიზნით, აღნიშნულის საშუალება არ მისცა ამავე უნივერსიტეტის ლექტორმა, ამავე უნივერსიტეტის დეკანმა მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. გამოძიების თანახმად, დადგინდა, რომ დეკანი და მისი სტუდენტები მოგვიანებით რექტორის მეუღლეს და მის მეგობარს უნივერსიტეტის შენობაში ფიზიკურად გაუსწორდნენ.