"პასკალ ალიზარდი ჩვენი სახელით არ საუბრობს" - ეუთო/ოდირი
პასკალ ალიზარდი, რომელსაც "ქართული ოცნება" ეუთოს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელად წარმოაჩენს, ეუთო/ოდირის სახელით არ საუბრობს - ამის შესახებ "ნეტგაზეთისთვის" ეუთო/ოდირის მიერ გაგზავნილ წერილშია ნათქვამი.
ცნობისთვის, 2 დეკემბერს, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ “ეუთოს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა” წერილით მიმართა მაკა ბოჭორიშვილს და აღნიშნული წერილი მან ეუთო/ოდირის მხრიდან არჩევნების აღიარებად წარმოაჩინა.
სასიხარულოა ის, რომ დღეს ეუთოს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა ბატონმა პასკალ ალიზარდმა მიმართა საგარეო საქმეთა მინისტრს ქალბატონ მაკა ბოჭორიშვილს შემდეგი შინაარსის წერილით – საქართველოს ახალი მოწვევის პარლამენტის პირველი სესიის შემდეგ მოგმართავთ ჩვენს სამომავლო თანამშრომლობასთან დაკავშირებით. ძალიან მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მხრიდან და ეუთოს სადამკვირვებლო მისიის მხრიდან ამ არჩევნების სათანადოდ შეფასება და აღიარება… ეს წერილი არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ არჩევნები არის აღიარებული, არჩევნები ჩატარდა სათანადოდ და ყველა სპეკულაცია არის საფუძველს მოკლებული. მადლობა მინდა გადავუხადო მთლიანად ეუთო/ოდირს, ეუთოს სადამკვირვებლო მისიას, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მისიას, არჩევნებზე დაკვირვებისთვის და მათი ობიექტური შეფასებისთვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ 2 დეკემბერს.