თბილისის მერი ევროპულ პეტიციაზე ხელმომწერ თანამშრომლებს ემუქრება - "ძლიერი საქართველოს" ბრიფინგი
კოალიცია "ძლიერი საქართველო" აცხადებს, რომ თბილისის მერი იმ თანამშრომლებს ემუქრება, რომლებმაც ხელისუფლების ანტიდემოკრატიული ნაბიჯები დაგმეს. საგანგებო ბრიფინგზე საბა ბუაძემ თქვა, რომ პეტიციაზე ხელმომწერ 250-ზე მეტ ადამიანს ახლა პრემიების გაუქმებით აშინებენ. მისი თქით, მერი უწყებაში რეორგანიზაციასაც გეგმავს.
"ძლიერი საქართველოს" ლიდერი მერიის თანამშრომლებს გვერდზე დგომას ჰპირდება, ხოლო კალაძის უწყების სტრუქტურულ ერთეულებში დასაქმებულ მაღალჩისნონებს მოუწოდეს, ნუ გახდებიან "კორუმპირებული მერის დანაშაულებრივი ქმედებების თანამონაწილენი".
12 დღიანი სამოქალაქო წინააღმდეგობის პარალელურად, ჩვენ გვინდა, გამოვეხმაუროთ საჯარო სამსახურში და კერძოდ, თბილისის მერიაში დაანონსებულ რეპრესიებს. თბილისი ჭეშმარიტად ევროპული ქალაქია. ამას ადასტურებს ის პროტესტის და ის უწყვეტი წინააღმდეგობა, რომელიც თბილისის ქუჩებში, მთავარი ევროპული ღირებულების - თავისუფლების დასაცავად მიმდინარეობს და თბილისის მერიის თანამშრომლები არიან ის ადამიანები, რომლებიც მყისიერად გამოეხმაურნენ იმ სპეცოპერაციას, რომელიც ჩვენი კონსტიტუციური წესრიგის წინააღმდეგ მიმდინარეობს. თბილისის მერიის თანამშრომლებმა ღიად, ცალსახად და ხაზგასმით გამოხატეს საკუთარი ერთგულება კონსტიტუციის და ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართ და ამის საპასუხოდ, თბილისის ისტორიაში ყველაზე კორუმპირებულმა და სამარცხვინო მერმა დააანონსა რეპრესიები ამ ადამიანების წინააღმდეგ. ჩვენ ვნახეთ, როგორ შეიმუშავეს ცვლილებები საჯარო სამსახურის კანონმდებლობაში, რომელიც გაამარტივებს რეორგანიზაციის და ამ ადამიანების დევნის პროცესს და ასევე ვნახეთ, როგორ ხდება ამ ადამიანების გაჩუმება და როგორ ცდილობენ მათ წინააღმდეგ ბრძოლას.
ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ახლა თბილისის მერიაში 250-ზე მეტ პეტიციის ხელმომწერს პირდაპირ ევაჭრება და ემუქრება თბილისის მერიის სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლები და სთხოვენ მათ საახალწლო პრემიის სანაცვლოდ უკან გაიწვიონ ის ხელმოწერა, რომელიც მათ დაუდასტურეს საქართველოს ევროპულ მომავალს. ეს არის სამარცხვინო და დანაშაულებრივი ქმედება და ასევე, ჩვენ მოგვაწოდეს ინფორმაცია, რომ იგეგმება ასევე ამ პრემიების სრულად გაუქმება იმისთვის, რომ კიდევ უფრო დაიძაბოს ადგილზე თბილისის მერიის და მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულებში ვითარება იმისთვის, რომ ადამიანები გადაკიდონ ერთმანეთს.
მე, პირველ რიგში, მინდა დიდი მადლობა ვუთხრა ამ ადამიანებს. ქედს ვიხრი მათი გამბედაობის და საჯარო სამსახურის მიმართ მათი ერთგულების წინაშე. ეს ადამიანები წარმოადგენენ საჯარო სამსახურის ფუნდამენტს და მინდა, მათ მივმართო, რომ ისინი არ არიან მარტო. თქვენს უკან არის ასი ათასობით ადამიანი, რომელიც თბილისის ქუჩებში გამოდის და აპროტესტებს იმ ყველაფერს ხდება, რაც ხდება ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ და მათ რიცხვში შეგიძლიათ გქონდეთ ჩვენი იმედი. ჩვენ ვიბრძოლებთ არა მხოლოდ ქვეყნის ევროპული მომავლისთვის, ასევე იმისთვის, რომ თქვენ არ დაგემუქროთ საფრთხე.
მინდა, მივმართო თბილისის მერიის მაღალჩინოსნებს, რომ არ მიიღონ მონაწილეობა კალაძის მიერ დაანონსებულ რეპრესიებში და დანაშაულებრივ რეორგანიზაციაში და არ გახდნენ ამ სისხლის სამართლის დანაშაულის თანამონაწილეები. კალაძემ საკუთარი თავი უკვე ჩაწერა სამარცხვინო ასოებით ამ ქალაქის ისტორიაში, როგორც ყველაზე კორუმპირებული მერი და როგორც რუსული კამპანიის ერთ-ერთი მთავარი მედროშე და ნუ შეუერთდებით მას, - ამბობს საბა ბუაძე.
"ძლიერი საქართველოს" კიდევ ერთი ლიდერი ვატო სურგულაძე კი პირდაპირ ამბობს, რომ ხელისუფლება ავტორიტარული მმართველობიდან ტოტალიტარულ მმართველობაზე გადავიდა.
ეს ხელისუფლება ძალიან მალე დამთავრდება, - მბობს სურგულაძე.
ის ადამიანი, რომელიც თავის თავს თბილისის მერს ეძახის, მოსახლეობას ჰპირდება, რომ „ძვლებში გადაგამტვრევთ“. ქვეყანა ავტორიტარიზმიდან გადადის ტოტალიტარულ მმართველობაზე და ძალიან დიდი მადლობა მერიის იმ თანამშრომლებს, რომლებმაც გამოხატეს თავისი პროტესტი და უნდა იცოდეთ ყველამ: მარტო არ ხართ. როგორც კი ხელისუფლება გადადის თანამშრომლების დაშინებაზე, იმით, რომ პრემიას არ მისცემს, ეს ხელისუფლება ძალიან მალე დამთავრდება, - ამბობს ვატო სურგულაძე.