ახალ, რეფორმირებულ პოლიციაში მოძალადეების ადგილი აღარ იქნება - ანა ნაცვლიშვილი
"ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი ანა ნაცვლიშვილი „პოლიციის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტს ეხმიანება, რომელიც, მისი შეფასებით, სისტემაში კრიზისზე მიუთითებს. ოპოზიციონერი ლიდერის თქმით, შსს-ს აღარ ჰყავს ადამიანური რესურსი, რომელიც ხელს მოაწერს იმ უკანონობაზე და ძალადობაზე, რომელსაც "ოცნების" ხელისუფლება მათ აიძულებთ.
ანა ნაცვლიშვილი ამბობს, რომ სისტემა აიცულებლად ჩამოიშლება და ახალი ხელისუფლება ახალ, კანონიერებაზე დაფუძნებულ რეფორმებს გაატარებს.
ახალ, რეფორმირებულ პოლიციაში მოძალადეების ადგილი აღარ იქნება, - ამბობს პოლიტიკოსი.
არალეგიტიმურმა, თვითმარქვია და ძალადობრივმა რეჟიმმა დააანონსა, რომ აპირებენ ცვლილებები შეიტანონ კანონში, რომლის საფუძველზეც საქართველოში პოლიციელი დაინიშნება არა კონკურსის წესით და შესაბამისი კვალიფიკაციის შემოწმების რაიმე სათანადო პროცედურით, არამედ ერთპიროვნულად, მინისტრის მიერ. შეგახსენებთ, რომ ეს ის მინისტრია, რომელიც თავადაც მინისტრად არის დანიშნული მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური (არ მესმის) ნიშნით. ეს ის ადამიანია, რომელიც 12 დღეა დამალულია მაშინ, როდესაც მისი პასუხისმგებლობის ქვეშ მყოფი უწყება საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ აწარმოებს მასობრივ ტერორს, ძალადობას და უხეშად არღვევს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული უფლებებს. ეს ყველაფერი ადასტურებს, რომ სისტემა შევიდა კრიზისში, მათ აღარ ჰყავთ ადამიანური რესურსი, რომელიც ხელს მოაწერს იმ უკანონობაზე და ძალადობაზე, რასაც ხელისუფლებად წოდებული უკანონო, თვითმარქვია რეჟიმი ამ ადამიანებს აიძულებს.
სისტემის კრიზისში შესვლა განაპირობა საქართველოს მოქალაქეების პრინციპულმა, სამართლიანმა პროტესტმა კონსტიტუციური გადატრიალების წინააღმდეგ, რომელიც რუსი ოლიგარქის და მის დაქვემდებარებაში მყოფი ძალადობრივი დაჯგუფებების მხრიდან განხორციელდა საქართველოს და ქართველი ხალხის წინააღმდეგ. ეს არის კარგი. ეს ნიშნავს იმას, რომ სისტემის კრიზისი აუცილებლად დასრულდება ამ სისტემის სრული ჩამოშლით, ახალი არჩევნებით, ხელისუფლების ცვლილებით და რეალური ცვლილებებით ძალოვან უწყებებში. ძალიან მნიშვნელოვანია რეფორმები იმისთვის, რომ საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის პოლიციელი ასოცირდებოდეს კანონთან და არა უკანონობასთან, უფლებების დაცვასთან და არა ძალადობასთან და რეპრესიებთან. ასეთ საქართველოს ჩვენ აუცილებალდ მივაღწევთ.
კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო ყველას, ვისაც დღეს აცვია მუნდირი, ნუ წახვალთ საკუთარი ხალხისა და ქვეყნის წინააღმდეგ და ნუ დაემორჩილებით უკანონო მითითებებს, რომლებსაც გაძლევენ. თქვენ იცით რა არის თქვენი საქმე, თქვენი საქმე არის კანონის დაცვა და არა უკანონო ძალადობრივი მოქმედებების განხორციელება. ახალ, რეფორმირებულ პოლიციაში მოძალადეების ადგილი აღარ იქნება, მაგრამ რა თქმა უნდა, ეს სისტემა დაეყრდნობა ყველა იმ ადამიანს, რომლისთვისაც მუნდირი და პოლიციელის სტატუსი ნიშნავს კანონის და უფლებების დაცვას, - ამბობს ნაცვლიშვილი.
ცნობისთვის, „პოლიციის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტით, შინაგან საქმეთა მინისტრს უფლებამოსილება ენიჭება, პოლიციაში სამუშაოდ პირი სპეციალური კონკურსის გავლის გარეშე მიიღოს და საკუთარი ბრძანებით კონკურსის გარეშე პოლიციაში მიღების წესი და პირობები განსაზღვროს.