რეჟიმი ახალ კანონებს ამზადებს - პრეზიდენტმა "ოცნების" ტიტუშკებზე და ხალხის ტერორზე ისაუბრა
საქართველოს პრეზიდენტი "ქართული ოცნების" ინიციატივას აკრიტიკებს - როგორც სალომე ზურაბიშვილმა თქვა, ნიღბების ტარების აკრძალვის შესახებ კანონში არაფერია ნათქვამი იმაზე, რომ თავიანთ „ტიტუშკებს“ აღარ ჰქონდეთ უფლება, ნიღბები ატარონ.
პრეზიდენტის თანახმად, "ასევე მზადდება ინიციატივა, რომ საჯარო სექტორში რეორგანიზაციის გამარტივებით შეძლონ ადამიანების დატერორება"
„რეჟიმი ახალ კანონებს ამზადებს. ერთი მხრივ არის კანონი [ინიციატივა] ნიღბების ტარების აკრძალვაზე, მაგრამ მხოლოდ ერთი მხარისთვის, მშვიდობიანი მოქალაქეებისთვის, რომელთაც არ ექნებათ უფლება, თავიანთი ჯანმრთელობა და უსაფრთხოება დაიცვან. სამაგიეროდ, არაფერია ნათქვამი, რომ თავიანთ „ტიტუშკებს“ აღარ ჰქონდეთ უფლება, რომ ეს ნიღბები ატარონ. ან ვალდებულება, როგორც მსოფლიო სტანდარტებითაა მიღებული, რომ საიდენტიფიკაციო ნიშნები ატარონ. ეს ყველაფერი არაა გათვალისწინებული ინიციატივაში.
ასევე, მზადდება ინიციატივა, რომ საჯარო სექტორში, რეორგანიზაციის გამარტივებით შეძლონ ადამიანების დატერორება, მათი გაშვება სამსახურიდან. ყველამ ვიცით, როგორი რთულია საჯარო სექტორში რეორგანიზაცია და ის, რომ შეგეძლოს ადამიანის გაშვება ლეგალურად. ამ ყველაფერს თავის თავზე ირგებენ და ამარტივებენ, რომ ხვალ და ზეგ მარტივად გაუშვან ადამიანები, ვინც აპროტესტებენ მშვიდობიანად და ზოგჯერ აქციაზეც არ არიან ნამყოფი“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
"ქართული ოცნების" ინიციატვით, საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონში შევა ცვლილება, რომლითაც რეორგანიზაციის საკითხები საჯარო სექტორში გამარტივდება.
ამასთან, "ოცნება" აქციის მონაწილეებს ნიღბის ტარების უფლებას ართმევს.