მაკრონმა ბიძინა ივანიშვილს ყური აუწია - გიორგი ვაშაძე
მაკრონმა ბიძინა ივანიშვილს ყური აუწია, - ასე აფასებს "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე საფრანგეთის პრეზიდენტისა და ბიძინა ივანიშვილის სატელეფონო საუბარს. ოპოზიციონერი ლიდერი არსებული კრიზისი დასაძლევად ემანუელ მაკრონის ჩართულობას მიესალმება და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმ მოთოხვნებს, რომელიც პროდასავლურ ოპოზიციას და მათ მხარდამჭერებს "ოცნების" არალეგიტიმურ ხელისუფლებასთან აქვთ.
მაკრონმა ბიძინა ივანიშვილს ყური აუწია. ეს არის იმ რეალობის აღიარება, რომ საქართველოს ჰყავს ივანიშვილის რეჟიმი, რომელიც მართავს. არანაირი ლეგიტიმაცია არც ე.წ. პრემიერს, არც შეკრებას, რომელსაც ისინი პარლამენტს ეძახიან არ აქვს და მესამე, მივესალმები, რომ ასეთი მაღალი რანგის ჩართულობა არის კრიზისში, რომელსაც ჰქვია ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც მოაქვს მშვიდობის ნაცვლად ქაოსი, დაპირისპირება, რეპრესიები. ჩვენი მოთხოვნები ძალიან კონკრეტულია: უპირობოდ გათავისუფლება ყველა პოლიტპატიმრის და ეორე - ახალი არჩევნების დანიშვნა, - ამბობს გიორგი ვაშაძე.
საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს, სადაც წერს, რაზე ესაუბრებოდა ემანუელ მაკრონი ბიძინა ივანიშვილს.
განცხადების თანახმად, მაკრონმა საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების და აქტივისტების დაშინება და ასევე აქციის მონაწილეების სასტიკი დარბევა დაგმო. ასევე, მოუწოდა ივანიშვილს, ყველა უკანონოდ დაკავებული პატიმარი გაათავისუფლოს.
ამასთან, საფრანგეთის პრეზიდენტმა ოლიგარქთან საუბრისას მწუხარება გამოხატა ქვეყნის ევროატლანტიკური კურსიდან გადახვევის გამო და ყველა პოლიტიკურ ჯგუფთან ინკლუზიური დიალოგისკენ მოუწოდა.