"ოცნება" ადასტურებს, რომ მაკრონმა პატიმრების გათავისუფლება მოითხოვა
მაკრონის ადმინისტრაციის განცხადების შემდეგ, "ოცნებამ" სატელეფონო საუბრის დამატებითი დეტალები გაასაჯაროვა - ივანიშვილის გუნდმა დაადასტურა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა საპროტესტო აქციის ფარგლებში დაკავებულების გათავისუფლება მოითხოვა.
საფრანგეთის პრეზიდენტმა, საუბრისას, მართლაც დასვა დაკავებულების გათავისუფლების საკითხი. პარტიის საპატიო თავმჯდომარემ პრეზიდენტს ამ საკითხზე განუმარტა, რომ დაკავებულთა უმრავლესობა არის ადმინისტრაციული წესით დაკავებული და უახლოეს პერიოდში, ყველა მათგანი გათავისუფლდება. რაც შეეხება სისხლის სამართლის ბრალდებით დაკავებულ პირებს, მაკრონს განემარტა, რომ საქართველო არის სამართლებრივი სახელმწიფო და ყველა დამნაშავე ჩადენილ დანაშაულზე კანონის მოთხოვნებისა და მტკიცებულების მაღალი სტანდარტის შესაბამისად აგებს პასუხს. ბიძინა ივანიშვილმა საფრანგეთის პრეზიდენტს ასევე განუმარტა, რომ პოლიცია აქციის მონაწილეთა მასშტაბური ძალადობის წინააღმდეგ ევროპულზე მაღალი სტანდარტით მოქმედებდა. გარდა ამისა, პარტიის საპატიო თავმჯდომარემ საუბრისას აღნიშნა, რომ ცალკეულ გადაცდომებზე გამოძიება დაწყებულია და მიმდინარეობს". - წერია განცხადებაში.
ცნობისთვის, ელისეის სასახლის განცხადებამდე რამდენიმე წუთით ადრე, „ქართულმა ოცნებამ“ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს ტელეფონით ესაუბრა.
„ქართული ოცნების" თანახმად, სატელეფონო საუბარი საფრანგეთის პრეზიდენტის ინიციატივით შედგა.
საფრანგეთის პრეზიდენტმა "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს ყველა უსამართლოდ დაკავებულის გათავისუფლება მოსთხოვა და ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების პატივისცემისკენ მოუწოდა.
ელისეს სასახლის ცნობით, პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა სამართალდამცველების ძალადობა მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების მიმართ ძალადობა დაგმო.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის 8 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთში საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს პირისპირ შეხვდა.
ამავე ვიზიტის ფარგლებში სალომე ზურაბიშვილი შეხვდა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტს დონალდ ტრამპს, ამერიკელ ბიზნესმენს, მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის მომავალ ხელმძღვანელ ილონ მასკს, ასევე იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯორჯა მელონის.