მაკრონმა ივანიშვილს ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების პატივისცემისკენ მოუწოდა
საფრანგეთის პრეზიდენტმა "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს ყველა უსამართლოდ დაკავებულის გათავისუფლებასთან ერთად ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების პატივისცემისკენ მოუწოდა.
ელისეს სასახლის ცნობით, პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა სამართალდამცველების ძალადობა მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების მიმართ ძალადობა დაგმო.
ამასთან, ოფიციალური განცხადების თანახმად, პრეზიდენტმა "კიდევ ერთხელ გამოხატა წუხილი იმის შესახებ, რომ საქართველომ გადაუხვია თავის ევროპულ ტრაექტორიას და ხაზი გაუსვა თავის რწმენას, რომ ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობებზე აუცილებლად აისახება ის ორიენტაცია, რომელიც არჩეული იქნა ან იქნება".
ის გამოვიდა მოწოდებით, ინკლუზიური დიალოგის შესახებ ყველა პოლიტიკურ ძალასა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან, ქართველი ხალხის ევროპული და დემოკრატიული მისწრაფებების პატივისცემით, რომელსაც ის კიდევ ერთხელ მიესალმა", - ვკითხულობთ ელისეს სასახლის მიერ გავრცელებულ ტექსტში.
ასევე ნახეთ:
ცნობისთვის, ელისეის სასახლის განცხადებამდე რამდენიმე წუთით ადრე, „ქართულმა ოცნებამ“ განცხადება გაავრცელა, სადან ცათქვამია, რომ პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს ტელეფონით ესაუბრა.
„ქართული ოცნების" თანახმად, სატელეფონო საუბარი საფრანგეთის პრეზიდენტის ინიციატივით შედგა.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის 8 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთში საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს პირისპირ შეხვდა.
ამავე ვიზიტის ფარგლებში სალომე ზურაბიშვილი შეხვდა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტს დონალდ ტრამპს, ამერიკელ ბიზნესმენს, მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის მომავალ ხელმძღვანელ ილონ მასკს, ასევე იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯორჯა მელონის.