თუ ივანიშვილი მაკრონის მოთხოვნებს უგულებელყოფს, "ოცნება" პასუხს სანქციების ფორმით მიიღებს - მარგველაშვილი
ემანუელ მაკრონის მიერ ბიძინა ივანიშვილისთვის წაყენებული მოთხოვნების გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი დარწმუნებულია, რომ საფრანგეთი სანქცირების ბერკეტს აამოქმედებს.
კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის შეფასებით, საფრანგეთის პრეზიდენტსა და "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარეს შორის გამართული სატელეფონო საუბარი მნიშვნელოვანია - "შეიარაღებული დაჯგუფების ხელმძღვანელს მიმართავს და მას მოთხოვნებს უყენებს დასავლური სამყაროს წარმომადგენელი, ეს ნიშანდობლივია".
ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი, რადგან საფრანგეთის პრეზიდენტის ზარი ნათელყოფს დასავლეთის ურთიერთობას ჩვენთან. ისინი არ აღგვიქვამენ ჩვენ სამართლებრივ სახელმწიფოდ. საოკუპაციო რეჟიმის ბანდფორმირების, თუ შეიარაღებული დაჯგუფების ხელმძღვანელს მიმართავს და მას მოთხოვნებს უყენებს დასავლური სამყაროს წარმომადგენელი. ეს არის მნიშვნელოვანი, ნიშანდობლივი. ასეთი ტიპის მოთხოვნა თუ დარჩება უპასუხოდ, არის პირდაპირი შეურაცხყოფა არა მხოლოდ პრეზიდენტის, არამედ საფრანგეთის. ამის უგულებელყოფის შემთხვევაში, პასუხს კონკრეტული სანქციების ფორმით მიიღებენ და საფრანგეთს ამის რესურსი გააჩნია", - ამბობს გიორგი მარგველაშვილი.
ცნობისთვის, ელისეის სასახლის განცხადებამდე რამდენიმე წუთით ადრე, „ქართულმა ოცნებამ“ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს ტელეფონით ესაუბრა.
„ქართული ოცნების" თანახმად, სატელეფონო საუბარი საფრანგეთის პრეზიდენტის ინიციატივით შედგა.
საფრანგეთის პრეზიდენტმა "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს ყველა უსამართლოდ დაკავებულის გათავისუფლება მოსთხოვა და ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების პატივისცემისკენ მოუწოდა.
ელისეს სასახლის ცნობით, პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა სამართალდამცველების ძალადობა მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების მიმართ ძალადობა დაგმო.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის 8 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთში საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს პირისპირ შეხვდა.
ამავე ვიზიტის ფარგლებში სალომე ზურაბიშვილი შეხვდა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტს დონალდ ტრამპს, ამერიკელ ბიზნესმენს, მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის მომავალ ხელმძღვანელ ილონ მასკს, ასევე იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯორჯა მელონის.