ეს იყო ბოლო გაფრთხილება საფრანგეთის პრეზიდენტის მხრიდან, შემდეგი ნაბიჯი სანქციები იქნება - ბოკუჩავა
''ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის'' ერთ-ერთი ლიდერი, თინა ბოკუჩავა ბიძინა ივანიშვილსა და ემანუელ მაკრონს შორის გამართულ სატელეფონო ზარს ეხმაურება და ამბობს, რომ ეს საფრანგეთის პრეზიდენტის მხრიდან "ოცნების" საპატიო თავმჯდომარისთვის ბოლო გაფრთხილება იყო.
ბოკუჩავა ვარაუდობს, რომ შემდეგი ნაბიჯი სანქციები იქნება - "მაკრონმა, სავარაუდოდ, შესთავაზა უსაფრთხოების გარანტიები და თუ ივანიშვილმა უარი განაცხადა, შემდეგი ნაბიჯი იქნება სანქციები".
ამასთან, ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, საერთაშორისო პარტნიორებმა კარგად იციან, რომ "კრიმინალური დაჯგუფების მთავარი წყარო ბიძინა ივანიშვილია".
ამ კრიმინალური დაჯგუფების ძალაუფლების წყარო რომ არის ივანიშვილი, ეს ძალიან კარგად იციან ჩვენმა პარტნიორებმა, ამიტომ არის რომ არანაირ სატყუარას არ წამოეგება არც საერთაშორისო, არც ქართული საზოგადოება, თუ ივანიშვილი შეცვლის კობახიძეს ან ღარიბაშვილით ან სხვა პაიკით. მეორე ის, რომ დარწმუნებული ვარ ეს იყო ბოლო გაფრთხილება საფრანგეთის პრეზიდენტის მხრიდან, რომლის ქვეყნის მოქალაქეც არის თავად ივანიშვილი, რომელმაც, სავარაუდოდ, შესთავაზა მას უსაფრთხოების გარანტიები და თუ ივანიშვილმა ეს გარანტიები არ მიიღო და უარი განაცხადა, შემდეგი ნაბიჯი იქნება სანქციები, რომელზეც საუბრობენ ჩვენი ამერიკელი პარტნიორები.
ეს სანქციები შეიძლება ივანიშვილისთვის არ იყოს იმდენად მნიშვნელოვანი არ იყოს, თორემ გადაათამაშებდა უკვე თავის ფინანსურ აქტივებს, თუმცა რეჟიმის რღვევისთვის, რაც ნამდვილად უკვე დაწყებულია, ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. ივანიშვილი ესეთ იზოლაციაში დიდხანს ვერ გაძლებს და მოუწევს ახალი არჩევნების ჩანიშვნა'', - ამბობს თინა ბოკუჩავა.
ცნობისთვის, ელისეის სასახლის განცხადებამდე რამდენიმე წუთით ადრე, „ქართულმა ოცნებამ“ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს ტელეფონით ესაუბრა.
„ქართული ოცნების" თანახმად, სატელეფონო საუბარი საფრანგეთის პრეზიდენტის ინიციატივით შედგა.
საფრანგეთის პრეზიდენტმა "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს ყველა უსამართლოდ დაკავებულის გათავისუფლება მოსთხოვა და ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების პატივისცემისკენ მოუწოდა.
ელისეს სასახლის ცნობით, პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა სამართალდამცველების ძალადობა მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების მიმართ ძალადობა დაგმო.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის 8 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთში საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს პირისპირ შეხვდა.
ამავე ვიზიტის ფარგლებში სალომე ზურაბიშვილი შეხვდა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტს დონალდ ტრამპს, ამერიკელ ბიზნესმენს, მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის მომავალ ხელმძღვანელ ილონ მასკს, ასევე იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯორჯა მელონის.