პრეზიდენტთან განვიხილეთ "ოცნების" არალეგიტიმური ლიდერების არაკონსტიტუციური ქმედებები - ევროპარლამენტარი
რაინიე ვან ლანშოტი პლატფორმა X-ზე საქართველოს პრეზიდენტთან გამართული შეხვედრის შესახებ წერს - ევროპარლამენტარი აღნიშნავს, რომ დელეგაციამ სალომე ზურაბიშვილთან "ოცნების" არალეგიტიმური ლიდერების არაკონსტიტუციური ქმედებები განიხილეს.
საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან კარგი შეხვედრა გვქონდა, ჩვენ განვიხილეთ „ქართული ოცნების“ არალეგიტიმური ლიდერების არაკონსტიტუციური ქმედებები, მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ პოლიციის სისასტიკე და ის, თუ როგორ შეუძლია ქართველ ხალხს საკუთარი მომავლის თავისუფლად გადაწყვეტა“, - წერს ევროპარლამენტარი რაინიე ვან ლანშოტი.
ცნობისთვის, ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. მათ საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან და ოპოზიციურ სპექტრთან შეხვედრა უკვე გამართეს. ამ წუთებში კი მესამე სექტორს ხვდებიან. ისინი დღის ბოლოს მედიის წარმომადგენლებსაც შეხვდებიან.
დელეგაციაში შედიან:
- რასა იუკნევიჩიანე, ლიეტუვა, ევროპის სახალხო პარტია (EPP),
- მიჰალ შჩერბა, პოლონეთი, ევროპის სახალხო პარტია (EPP),
- ნატალი ლუაზო, საფრანგეთი, „განაახლე ევროპა“ (Renew Europe)
- ბერნარდ გეტა, საფრანგეთი, „განაახლე ევროპა“ (Renew Europe)
- ტობიას კრემერი, გერმანია, სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსი
- რაინიე ვან ლანშოტი, ნიდერლანდები, მწვანეები/ევროპული თავისუფალი ალიანსი