ერთპარტიულმა პარლამენტმა ნიღბებისა და პიროტექნიკის აკრძალვას მხარი ორი მოსმენით დაუჭირა
"ქართული ოცნების" არაღიარებული ხელისუფლება რეპრესიულ კანონებს დაჩქარებულ ვადებში განიხილავს და ერთხმად იღებს - ერთპარტიულმა პარლამენტმა ორ დღეში ორი მოსმენით დაუჭირა მხარი საპროტესტო შეკრებებზე პიროტექნიკის, ნიღბებისა და ლაზერების აკრძალვას.
ნიღაბი მოქალაქეებს იმაში ეხმარებოდა, რომ თავი სპეციალური დანიშნულების რაზმების მიერ ჭარბი რაოდენობის მხუთავი აირის გაშვების დროს გადაერჩინათ, თუმცა უახლოეს პერიოდში ნიღბის გაკეთებაც კი კანონდარღვევა იქნება.
ივანიშვილის გუნდის ინიცირებულ კანონპროექტს ოპოზიციური სპექტრი ეროვნული ტანისამოსის გამოყენებას უპირისპირებს. როგორც კოალიცია "ძლიერ საქართველოში" ამბობენ, აქციაზე ყაბალახით გავლენ, რომლითაც ოდითგანვე ქართველი ერი რუსი ოკუპანტის წინააღმდეგ იბრძოდა.
საქართველოს პარლამენტში არის განხილული კანონპროექტი, რომლის ამოცანა არის, აიკრძალოს ნიღბების, თავსაბურავის, სახის დასაფარი საშუალებების, აირწინაღების გამოყენება. ამას არავითარი აზრი არ ექნება, რადგან ამას ჩვენ ეროვნულ საბრძოლო სამოსს დავუპირისპირებთ, რომელიც რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ გამოიყენებოდა. ყაბალახი არის ეროვნული სამოსი, რომელსაც ქართველები ვატარებდით წლების განმავლობაში, როდესაც ოკუპანტს ვებრძოდით", - ამბობს ანა დოლიძე.
"ქართულ ოცნებაში" კი ამტკიცებენ, რომ საპროტესტო აქციების დროს ნიღბების აკრძალვა ევროპული სტანდარტია.
ევროპული სტანდარტი არის ასეთი, რომ აკრძალულია აქციების დროს ნიღბების გამოყენება სწორედ იმიტომ, რომ ადამიანებს, რადიკალურ ჯგუფებს, რომლებიც ჟურნალისტებს, პოლიციელებს, მოქალაქეებს აზიანებენ, არ ჰქონდეთ საშუალება, რომ პასუხისმგებლობას გაექცნენ.
იქ, სადაც თქვენ და ჩვენც ვთვლით, რომ კონკრეტულ შემთხვევებში იყო გადაცდომები, ამაზე იცით, რომ გამოძიება დაწყებულია. სპეციალური სამსახური მუშაობს, მასთან თანამშრომლობს შინაგან საქმეთა სამინისტრო", - ამბობს ლადო ბოჟაძე.