ზურაბიშვილთან წამების მსხვერპლ დემონსტრანტებზე, გადასადგმელ ნაბიჯებსა და ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებზე ვისაუბრეთ - ხოშტარია

12.12.24 18:32
ზურაბიშვილთან წამების მსხვერპლ დემონსტრანტებზე, გადასადგმელ ნაბიჯებსა და ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებზე ვისაუბრეთ - ხოშტარია

ათონელის რეზიდენციაში პრეზიდენტსა და ოპოზიციურ სპექტრს შორის აუდიენცია დასრულდა - შეხვედრიდან გამოსულმა ელენე ხოშტარიამ "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილთან როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ ხელისუფლების ოპონენტების მიერ გადასადგმელი ნაბიჯები განიხილეს. 

კოალიცია "ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერის თქმით, საუბარი ასევე საპროტესტო აქციის ფარგლებში უკანონო დაკავებულებსა და მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ განხორციელებულ არაადამიანურ მოპყრობას შეეხო. 

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ცნობით, დახურულ კარს მიღმა მხარეებმა 14 დეკემბერს დაგეგმილ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებზეც იმსჯელეს - "ერთადერთი ლეგიტიმური ინსტიტუტი ამ ქვეყანაში სალომე ზურაბიშვილია".

ეს შეხვედრა ოპოზიციის თხოვნით მოხვდა. დღეს ჩვენ გავაკეთეთ საერთო განცხადება, სადაც შევთანხმდით უმნიშვნელოვანეს პრინციპებზე, რისთვისაც ვიბრძვით. სწორედ ამის გაზიარება გვინდოდა პრეზიდენტთან. პირველი, რა თქმა უნდა, ეს არის პოლიტპატიმრების საკითხი, ძალიან მწვავე საკითხია, რადგან უამრავი ადამიანი არის უმძიმეს მდგომარეობაში, ნაცემი, წამების მსხვერპლი, არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი. ეს საკითხი გატანილია ქვეყნის გარეთაც.

ასევე ამ ხელისუფლების არალეგიტიმურობის საკითხზეც ვესაუბრეთ, რომლიდანაც გამომდინარეობს 14-ის ე.წ. პრეზიდენტის ე.წ. არჩევნების არალეგიტიმურობა და იმის ხაზგასმა, რომ ერთადერთი ლეგიტიმური ინსტიტუტი ამ ქვეყანაში პრეზიდენტია. ერთადერთი გამოსავალი ამ კრიზისიდან გამოსვლის, არის არჩევნები. ასევე ვისაუბრეთ ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ გასაკეთებელ გეგმებზე", - ამბობს ელენე ხოშტარია. 

ცნობისთვის, დღეს, 12 დეკემბერს, ოთხი პროდასავლური გაერთიანების წარმომადგენლები სალომე ზურაბიშვილს ათონელის რეზიდენციაში შეხვდნენ. 

შეხვედრას კი წინ მათი ერთობლივი განცხადება უსწრებდა, რომლითაც პარტიები აცხადებენ, რომ ერთადერთ და ლეგიტიმურ პრეზიდენტად სალომე ზურაბიშვილს აღიარებენ.  

მსგავსი სიახლეები