მაკრონის ერთმა სატელეფონო ზარმა ყველა პანიკაში ჩააგდო - "ოცნება" პარლამენტში აღიარებას მედიისგან ითხოვს

12.12.24 20:55
მაკრონის ერთმა სატელეფონო ზარმა ყველა პანიკაში ჩააგდო - "ოცნება" პარლამენტში აღიარებას მედიისგან ითხოვს

"ქართული ოცნების" წევრები პარლამენტში აღიარებას მედიისგან ითხოვენ. ლეგიტიმაციის პრობლემამ ივანიშვილის გუნდს კომპლექსები გაუჩინა. დეპუტატები, რომელთა ნაწილს ოლიგარქმა პარლამენტის წევრის სტატუსი პირველად მიანიჭა, განაწყენებული ჩანან. გურამ მაჭარაშვილი კი ხავსს ეჭიდება და "ტვ პირველის" გადამღები ჯგუფის პარლამენტის შენობაში ყოფნაც კი მის აღიარებად მიაჩნია. 

როგორც ჩანს, "ქართულმა ოცნებამ" შეათანხმა, რომ ვიდრე კრიტიკულ მედიას კითხვაზე უპასუხებენ, თავად მოითხოვონ პასუხი, ვაღიარებთ თუ არა მათ პარლამენტის წევრებად. თითო დეპუტატი თითო ჟურნალისტში ეძებს ლეგიტიმაციას და საკუთარი ეგოს დაკმაყოფილებას ცდილობს. თუმცა ჩანს, რომ ეს კითხვებისგან გაქცევის საშუალებაცაა. 

დღეს მმართველი პარტიის წევრებთან მხოლოდ იმით დავინტერესდით, რას შეცვლის ბიძინა ივანიშვილი კრიზისის განსამუხტად. ოლიგარქს არც მოქმედების ფართო არეალი აქვს და არც დიდი დრო. მას შემდეგ, რაც მას საფრანგეთის პრეზიდენტი ტელეფონით ესაუბრა, ცხადი გახდა, რომ ევროკავშირის ლიდერი სახელმწიფო მთავარ პასუხისმგებლად არა ფორმალურად პრემიერ კობახიძეს ხედავს, არამედ თანამდებობის არმქონე ბიძინა ივანიშვილს. ითქვა, რომ სატელეფონო ზარი კიდევ შედგება. ეს კი ნიშნავს, რომ მომდევნო საუბარში ივანიშვილმა ფრანგ პრეზიდენტს უკვე უნდა უთხრას, საბოლოოდ რა გადაწყვიტა. დეპუტატები კი დაბნეულები არიან და არ იციან რა თქვან. 

შესაძლოა ივანიშვილის გეგმის შესახებ ახლა "ოცნებაში" ბევრი არც არავინ იცოდეს. კრიზისის დროს პარტიაში სულ ასე ხდება. დეპუტატებმა ლიდერის გადაწყვეტილებები გასაჯაროებამდე რამდენიმე საათით ადრეც არ იცოდნენ ხოლმე. როგორც ადრე, ახლაც დარწმუნებით გვეუბნებიან, რომ მთავრობაში არაფერი შეიცვლება და მას მომდევნო 4 წელი ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს. 

ვრცლად ნახეთ რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში.

მსგავსი სიახლეები