ვერ დააშინებთ, ვერ დააპატიმრებთ ყველას, საზოგადოებაზე ტოტალიტარული რეჟიმების მიერ გამოცდილი ხერხები ვერ გაჭრის - პრეზიდენტი

13.12.24 20:20
ვერ დააშინებთ, ვერ დააპატიმრებთ ყველას, საზოგადოებაზე ტოტალიტარული რეჟიმების მიერ გამოცდილი ხერხები ვერ გაჭრის - პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი საგანგებო ბრიფინგიდან "ქართულ ოცნებას" მიმართავს - ქვეყნის მთავარსარდალი ტრიბუნიდან აცხადებს, რომ ტოტალიტარული რეჟიმების მიერ გამოცდილი ხერხები საზოგადოებაზე ვერ გაჭრის.

"ვერ დააშინებთ, ვერ დააკავებთ ყველას" - ამბობს პრეზიდენტი და იქვე აღნიშნავს, რომ დღეს ევროპული საქართველოს იდეამ მთელი ერი გააერთიანა - "ეროვნული თანხმობა შედგა". 

ამასთან, სალომე ზურაბიშვილი ერთპარტიული პარლამენტის მიერ საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებსაც ეხმაურება და ხაზს უსვამს, რომ "ეს საჯარო სექტორზე პოლიტიკური რეპრესიის ინსტრუმენტია".

მთავარი ხდება ჩვენს ქუჩებში, ჩვენს ქალაქებში, მთავარი ხდება ის, რომ ყოველ დღე გამოდის კიდევ უფრო მეტი ადამიანი, მეტი პიროვნება, რომელიც პროტესტს ახორციელებს ამ გამოსვლებით, პეტიციებით, მარშით. ამან მოიცვა მთელი ქვეყანა. პრაქტიკულად, ყველა ქალაქში იყო პროტესტი. ჩვენი უფროსი მეგობრები არიან ზოგჯერ ამის სათავეში. დღეს იყო საინტერესო მაგალითი, თუ როგორ გამოდიან სხვადასხვა სეგმენტების წარმომადგენლები და თავისი ხმით ახმოვანებს პროტესტს. 

ამ პროტესტმა მოიცვა მთელი დიასპორა. ასევე საჯარო სექტორი, რამაც გამოიწვია უმკაცრესად კანონის ცვლილება. მიიღეს ახალი კანონი, რომელიც, პრაქტიკულად, არის საჯარო სექტორზე პოლიტიკური რეპრესიის ინსტრუმენტი და ა.შ.. მაგრამ ვერ დააშინებთ, ვერ დააპატიმრებთ ყველას. არც მუქარა, არც ყველა ეს ზომები, ხერხები, რომელიც არის გამოცდილი სხვადასხვა ტოტალიტარული რეჟიმების მიერ, ამ საზოგადოებაზე ვერ გაჭრის. საქართველო დგას, დგას და იდგება. შეიკრა სამოქალაქო საზოგადოება, ხმა ამოიღო. ევროპული საქართველოს იდეამ ერი გააერთიანა და შედგა ეროვნული თანხმობა", - განაცხადა პრეზიდენტმა. 

ერთპარტიული პარლამენტი საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანას აპირებს - მამუკა მდინარაძის განცხადებით, ცვლილებების შემდეგ, "რეორგანიზაციის საკითხები საჯარო სექტორში გამარტივდება".

იზოლირებული საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მტკიცებით, ამ გადაწყვეტილებით საჯარო სექტორი "გაჯანსაღდება".

მსგავსი სიახლეები