შარშან ამ დღეს კანდიდატის სტატუსი მოგვენიჭა, ახლა ერთი კაცი რეპრესიულ, ავტორიტარულ რეჟიმს აშენებს - პრეზიდენტი
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ ერთი წლის წინ, ზუსტად 14 დეკემბერს, ქვეყანას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიენიჭა, თუმცა ახლა "ერთი კაცი ამ შესაძლებლობას ანგრევს და რეპრესიულ, ავტორიტარულ რეჟიმს აშენებს".
#საქართველოაპროტესტებს - შარშან ამ დღეს საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიენიჭა და ეს კონსენსუსის, სიხარულისა და ემოციების დღე იყო. ერთი წელია მმართველი ერთი კაცი/ერთი პარტია ამ დიდ შესაძლებლობას ანგრევს და რეპრესიულ, ავტორიტარულ რეჟიმს აშენებს", - წერს პრეზიდენტი.
"ქართული ოცნების" ერთპარტიული პარლამენტი ერთკაციან არჩევნებს ატარებს - ქვეყანაში ტარდება "არჩევნები", რომლის ფინალიც თავშივე ცნობილია.
პირველად საქართველოს ისტორიაში, ივანიშვილის გუნდი უმაღლესი მთავარსარდლის პოსტზე მიხეილ ყაველაშვილის დანიშვნას აპირებს. "ოცნების" მიერ შერჩეულ კანდიდატს, მიხეილ ყაველაშვილს კონკურენტი არ ჰყავს.
ამის პარალელურად, საკანონმდებლო ორგანოს გარეთ დილიდან აქცია მიმდინარეობს - მომიტინგეები პარლამენტთან ბურთს თამაშობენ. "ყაველ, ჩამოდი, ბურთი გვეთამაშე" - ისმის აქციაზე.
აქციის მონაწილეების ნაწილს პარლამენტთან დიპლომებიც აქვთ მიტანილი. ჭიჭინაძისა და 9 აპრილის ქუჩებზე პოლიციაა მობილიზებული.