"შემდგარი, პროფესიონალი პოლიტიკოსია" - მდინარაძე ყაველაშვილს აქებს

14.12.24 12:17
"შემდგარი, პროფესიონალი პოლიტიკოსია" - მდინარაძე ყაველაშვილს აქებს

იზოლირებული საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე ე.წ. პრეზიდენტობის უდიპლომო კანდიდატს, მიხეილ ყაველაშვილს ხოტბას ასხამს.

"ქართული ოცნების" წევრი ყოფილ ფეხბურთელს შემდგარ პოლიტიკურ ფიგურად მოიხსენიებს და  მედიასთან აცხადებს, რომ დასავლეთის კრიტიკოსი ყაველაშვილი "პროფესიონალი პოლიტიკოსი და ადამიანია". 

მიხეილ ყაველაშვილის ქების ფონზე, რუსული კანონის მხარდამჭერი მამუკა მდინარაძე საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს აკრიტიკებს - "ზურაბიშვილი პრეზიდენტის ინსტიტუტის დამახინჯებულ აღქმას ტოვებს".

პირველი რიგის მთავარი კრიტერიუმი, რაც კი შეიძლება ყოფილიყო, ეს არის უღალატობა თავისი სამშობლოს და არა რომელიმე გუნდის, თავისი სამშობლოს მიმართ, და პატრიოტიზმი. მიხეილ ყაველაშვილს თუ კი რამე თვისება გააჩნია, უწინარესად, ალბათ ამ თვისებაზე უნდა ვილაპარაკოთ. გარდა ამისა, ის უკვე შემდგარი, პროფესიონალი პოლიტიკოსია და ადამიანია, რომელსაც თავის დროზე მთელი საქართველო ვგულშემატკივრობდით.

სალომე ზურაბიშვილი ტოვებს პრეზიდენტის ინსტიტუტის დამახინჯებულ აღქმას. როდესაც რაღაც კრიტიკას მიმართავენ, კრიტიკის საფუძვლებში ჩანს, რომ წინა პრეზიდენტებმა საპრეზიდენტო ინსტიტუტის მიმართ საპარლამენტო რესპუბლიკაში არასწორი აღქმები გააჩინეს. მაგალითად, ჩვენ გვესმის კრიტიკა იმასთან დაკავშირებით, ყაველაშვილმა საგარეო მიმართულება როგორ უნდა წარმოადგინოს. საერთოდ არ არის საგარეო პოლიტიკის განსაზღვრა და პოლიტიკა პრეზიდენტის საქმე.

პრეზიდენტი მხოლოდ მაშინ იქნება წარმომადგენელი, როდესაც საქართველოს მთავრობა სპეციალურ ნებართვას გასცემს. ამ კონსტიტუციური პრინციპის დარღვევით, სალომე ზურაბიშვილმა გააჩინა არასწორი აღქმა, არასწორი სტერეოტიპი, რომ თითქოს, პრეზიდენტის საქმეა ეს. 

მიხეილ ყაველაშვილი მშვენიერი მთავარსარდალი იქნება, მაგრამ ესეც აღქმულია, თითქოს ჯარს უნდა უხელმძღვანელოს. იმდენად სიმბოლურია პრეზიდენტის კომპეტენცია, მას სპეციალური ცოდნა ჯარის შენაერთების და სამხედრო ოპერატიული ტაქტიკის შესახებ არ სჭირდება", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

"ქართული ოცნების" ერთპარტიული პარლამენტი ერთკაციან არჩევნებს ატარებს -  ქვეყანაში ტარდება "არჩევნები", რომლის ფინალიც თავშივე ცნობილია. 

პირველად საქართველოს ისტორიაში, ივანიშვილის გუნდი უმაღლესი მთავარსარდლის პოსტზე მიხეილ ყაველაშვილის დანიშვნას აპირებს. "ოცნების" მიერ შერჩეულ კანდიდატს, მიხეილ ყაველაშვილს კონკურენტი არ ჰყავს. 

ამის პარალელურად, საკანონმდებლო ორგანოს გარეთ დილიდან აქცია მიმდინარეობს - მომიტინგეები პარლამენტთან ბურთს თამაშობენ. "ყაველ, ჩამოდი, ბურთი გვეთამაშე" - ისმის აქციაზე. 

აქციის მონაწილეების ნაწილს პარლამენტთან დიპლომებიც აქვთ მიტანილი. ჭიჭინაძისა და 9 აპრილის ქუჩებზე პოლიციაა მობილიზებული.

მსგავსი სიახლეები