"ბიძინას ფერმაში როლების მორიგი გადანაწილება მიდის" - აქუბარდია

14.12.24 13:42
"ბიძინას ფერმაში როლების მორიგი გადანაწილება მიდის" - აქუბარდია

"ბიძინას ფერმაში როლების მორიგი გადანაწილება მიდის" - ასე აფასებს "გახარია საქართველოსთვის" წევრი, თეონა აქუბარდია ერთპარტიულ პარლამენტში "ოცნების" პრეზიდენტის არჩევის პროცესს.

ყოფილი პრემიერის გუნდის წევრი პრეზიდენტად უდიპლომო მიხეილ ყაველაშვილის არჩევას ლეგიტიმურობას არ ანიჭებს. 

ბიძინას ფერმაში როლების მორიგი გადანაწილება მიდის. ახლა ყაველაშვილს ბიძინას ფერმიდან სხვა პოზიციას მისცემენ. ეს არ არის არც ლეგიტიმური და არც ნორმალური. ყველაზე ჯანსაღი პროცესი დღეს რუსთაველის გამზირზეა. ეს არის საქართველოს მოქალაქეების პასუხი იმ ტრაგიკომედიაზე, რომელიც ბიძინამ შექმნა", - ამბობს თეონა აქუბარდია. 

"ქართული ოცნების" ერთპარტიული პარლამენტი ერთკაციან არჩევნებს ატარებს -  ქვეყანაში ტარდება "არჩევნები", რომლის ფინალიც თავშივე ცნობილია. 

პირველად საქართველოს ისტორიაში, ივანიშვილის გუნდი უმაღლესი მთავარსარდლის პოსტზე მიხეილ ყაველაშვილის დანიშვნას აპირებს. "ოცნების" მიერ შერჩეულ კანდიდატს, მიხეილ ყაველაშვილს კონკურენტი არ ჰყავს. 

ამის პარალელურად, საკანონმდებლო ორგანოს გარეთ დილიდან აქცია მიმდინარეობს - მომიტინგეები პარლამენტთან ბურთს თამაშობენ. "ყაველ, ჩამოდი, ბურთი გვეთამაშე" - ისმის აქციაზე. 

აქციის მონაწილეების ნაწილს პარლამენტთან დიპლომებიც აქვთ მიტანილი. ჭიჭინაძისა და 9 აპრილის ქუჩებზე პოლიციაა მობილიზებული.

მსგავსი სიახლეები