"საქართველოს პარლამენტს, გაყალბებული არჩევნების შედეგად, პრორუსი პრეზიდენტის არჩევა სურს" - ლუაზო
ევროპარლამენტარი ნატალი ლუაზო სოციალურ ქსელში წერს, რომ "დღეს საქართველოს პარლამენტს, გაყალბებული არჩევნების შედეგად, ულტრამემარჯვენე და პრორუსი პრეზიდენტის არჩევა სურს".
ფრანგი ევროპარლამენტარი სალომე ზურაბიშვილს მხარდაჭერას უცხადებს და აღნიშნავს, რომ იგი ქართველი ხალხის მისწრაფებებს წარმოადგენს.
დღეს საქართველოს პარლამენტს, გაყალბებული არჩევნების შედეგად, სურს აირჩიოს ქვეყნის ახალი პრეზიდენტი, ულტრამემარჯვენე და პრორუსი, მაშინ როცა ქართველები ყოველდღიურად დემოკრატიისა და ევროპის მიმართ ერთგულების დასადასტურებლად დემონსტრაციებს მართავენ. მთელი ჩემი მხარდაჭერა სალომე ზურაბიშვილს, რომელიც ქართველი ხალხის მისწრაფებებს წარმოადგენს“, - წერს ფრანგი ევროპარლამენტარი.
"ქართული ოცნების" ერთპარტიული პარლამენტი ერთკაციან არჩევნებს ატარებს - ქვეყანაში ტარდება "არჩევნები", რომლის ფინალიც თავშივე ცნობილია.
პირველად საქართველოს ისტორიაში, ივანიშვილის გუნდი უმაღლესი მთავარსარდლის პოსტზე მიხეილ ყაველაშვილის დანიშვნას აპირებს. "ოცნების" მიერ შერჩეულ კანდიდატს, მიხეილ ყაველაშვილს კონკურენტი არ ჰყავს.
ამის პარალელურად, საკანონმდებლო ორგანოს გარეთ დილიდან აქცია მიმდინარეობს - მომიტინგეები პარლამენტთან ბურთს თამაშობენ. "ყაველ, ჩამოდი, ბურთი გვეთამაშე" - ისმის აქციაზე.
აქციის მონაწილეების ნაწილს პარლამენტთან დიპლომებიც აქვთ მიტანილი. ჭიჭინაძისა და 9 აპრილის ქუჩებზე პოლიციაა მობილიზებული.